წიგნი სიბრძნე-სიბერისა მეგობართანა მიწერილი პირველი
#ლექსები ნინო დარბაისელი წიგნი სიბრძნე-სიბერისა მეგობართანა მიწერილი პირველი - გახსოვს? ბიჭი მიყვარდა, ზორბა, თვალებმაყვალა, ახლა გამკვირვებია, გავიცანი ვინ სად! ნეტა რამ მომაწონა, ანდა რამ შემაყვარა, დღეს გამეცნო, ჩავთვლიდი გამარჯობის ღირსად? შემეცვალა იერი, დამეწია წარბები, ვეღარც ტკბილს ვეხარბები, ვუფრთხილდები კბილებს, მაგარია ასეთი დარბი-დარბი-დარბები! რა აქვს დასადარდები, ვინღა გააწბილებს! დავალ ნელი ნაბიჯით, ან სად მიმეჩქარება, ვისაც უნდა მელოდოს, როცა არის, მივალ! უკვე გადაიარეს ნაგრიგალმა ქარებმა, სიბერეში დავბრძენდი, აღარც მომლხენი ვარ. მე მჩაგრავდა?! - მერე - ვინ? ძალადობას - ვერევი. ამ ცხოვრებას გავუგე, ქიცმაცური, ქიცი. ბრაზის შემაფერხები ავითვისე ხერხები, ღონეს მუდამ აჯობებ, თუკი მართლა იცი! ყველას ხომ ვაპატიე ყველა ტყუილ-მართალი, ცუდი - წყალს გავაყოლე, მახსოვს მხოლოდ კარგი. შენაძენი ყოველი ერთი - ასად ჩავთვალე, გავანულე ერთბაშად ყველა დანაკარგი. აღარ ვუსმენ არაფერს, რაც ძველ ტკივილს მაგონებს, არ მივტირი ვაგონებს, რა საამო დღეა! შენ - შენი თქვი, რას შვრები? ძველებურად მარდი ხარ? მე - რომ მკითხო - სიბერე - სიბრძნის სამოთხეა, მაგრამ ის ვერ გავიგე, რად დაგვცინის გამრიგე. სიღრმის სიღრმე ამრიგი ვეღარ შევიგრძენი: რა სჯობია, როცა ხარ გრძნობით გონარეული, ახალგაზრდა ეული, თუ მოხუცი ბრძენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი