სიტყვათა ძალა-უძლურებისა
#ლექსები ნინო დარბაისელი სიტყვათა ძალა-უძლურებისა! ბოლოს და ბოლოს თვით მამა-ღმერთმა ეს სამყარო სიტყვით არ შექმნა?! წარმოთქვა ერთხელ “იყავნ ნათელი!” და განანათლა ირგვლივ წყვიადი, დადგა შესაქმე, იშვა ყოველი, მირიადი… სიტყვა - კლავს, სიტყვა აცოცხლებსო”, ეს ანდაზაც ძველი, ვიცოდი და დავეძებდი ამქვეყნად სიტყვას, რომელსაც ერთხელ წარმოსთქვამდი და ზეცა ქუხილს დაიწყებდა, მაგრამ ისეთსაც ვერ მივაგენი, პეპლის ფრთა ოდნავ შეერხია, როგორც რამ ნიავს. მოცდა ბაგენი. არც რა მცოდნია. არასმცოდნე - ავს! ადამიანი უენოც იყოს, თუ ძალა ერჩის, თუ ნება ერჩის, სურვილიც ერჩის, სულ ერთი - ერთში, უსიტყვოდაც გაიტანს ნანდომს, სხვასაც მიანდოს! თვით - არა რისხვა ან განაზება, ბგერათკომპლესთა გრამატიკული ორგანიზება, ერთიანობა - შენი სათქმელის შენგან გამტანი და შორ მანძილზე, სხვის დრო-სივრცეში გადამტანი უსულო ტანი, ზოგჯერ მაინც რომ გეკაპრიზება! პოეზიაში?! დაემატება რამ, ბგერწერული დინებები ღია, ფარული, გამოსაცნობ-გამოუცნობი, რაღაც ხატები, მიმოხვრანი, უცხო დრეკანი, მელოდიანი და რიტმი, რიტმი შინაგანი თუ გარეგანი. სიტყვა- სიტყვაა! არის როგორც ცე ვიტამინი - - ორგანიზმს ჩვენსას, ადამიანურს თავად არას რგებს რამე სიკეთით ამინურით, მაგრამ ძაანაც რომ გაიჭყიპო სხვა ყველაფრით, იდება უქმად მთელი ეს წყება და ცეს გარეშე არავითარი რეაქცია ორგანიზმში არ დაიწყება. ბოლოს და ბოლოს, ასე არ არის? - ჩვენი ყველა ნამოქმედარი ჯერ შინაგანად, უსიტყვოდ მოხდა და გადაწყვეტილს ბოლოს სიტყვა გადაეფარა, თან აამღვრია, თან ამოთქმულმა - გახადა ღია. ბასრადაც მოგხვდეს, საბოლოოდ, ფარია სიტყვა, არა რამე, ზეცის თაღია! (თუ ხმარა იცი, ფარიც - ბრძოლის იარაღია!) და სიყვარულიც - რაც ღრმავდება და ძლიერდება, სიტყვა მით უფრო ზედაპირდება, უძლურდება, ზედმეტიც ხდება. შორისდებულებს სჯერდებიან შეყვარებულნი, მოკლე კოდებს და მინიშნებებს, მხოლოდ ორისთვის გასაგებებს, თითოეული ფორმულასავით რომ მიაგებებს და რაწამს სიტყვა დასჭირდებათ, მით უფრო, რამე რიტორიკა, მჭევრმეტყველება, დაწყებულია გამანძილება, წინ უფსკრულია და ეს უფსკრული ორთაშუა უფრო ღრმავდება, აღარაფერი არ ეშველება. შორიდან, გაღმა ნაპირიდან რომელიღაცა ფეხისწვერებზე შემდგარი ცდილობს, გადმოაწვდინოს: - ჰეი- ჰე- ჰეი, უკვე ყოფილო შეყვარებულო, აი, სად ვდგავარ, შენგან ცივად განარიყავი, როგორი ვჩანვარ მაგ მანძილიდან. როცა მოგწყინდეს ჩემი ცქერა, კარგად იყავი! იმას ვამბობდი, სიტყვა ისეა, როგორც რომ ახლად შეძენილი კომპიუტერი, ელექტრო ყუთი, სიმშვიდის მტერი, არც მთლად უტვინო, რაღაც ზოგადი პროგრამებით, რაც უშენოდაც ჩაწერილია, რაღაც აჩნია, საშენო ცოდნა? - თუ არ აირჩევ და არ ჩაიწერ, არც გააჩნია! რაო, რა ბრძანეთ? “სიტყვის მაგია” ?! - გულუბრყვილოთა მახედ აგია, ოსტატის ხელში - ჯამბაზური ფიცარნაგია, არა აქვს-მეთქი ძალა სიტყვას, რამ საკუთარი, რადგანაც მუდამ გააჩნია, ვის ნებას, ძალას და უფლებას ავლენს სხვისდამი, სხვებისადმი, ანუ ვინ ამბობს, რას ამბობს, როდის, ან რატომ ამბობს, როგორ ამბობს და ყოველივე ვისკენ მიდის და ვისთვის ითქმება, ან სად რას მიაღწევს, საბოლოოდ სად - დაინთქმება. ბნელშიაც იჯდეს მარტოკაცი შეციებული, ბევრიც იძახოს ხან ბრძანებით, ხან მოფერებით: -შუქო მოდიო! რა ეშველება? “იყავნ ნათელი!”- და განათდა ქვეყანა მთელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი