პომპეი. ტელამონები
#ლექსები ნინო დარბაისელი პომპეი. ტელამონები პომპეის რომ ვიგონებ, ლამის არის ავტირდე. ამდენს ბევრგან ვნახავდი მე კაც - კარიატიდებს? დგანან მამაკაცები, მხრებზე ადგათ ტაძრები, ვუცქერ პირდაღებული, ნანგრევებში დავძვრები. ღმერთო, ესეც ვეზუვი, უცებ ამოფრქვეული - ლავა, მტვერი, გაზი და სტიქიის წინ - ეული რჩება ადამიანი, მონაა თუ მდიდარი, გქონდეს თუნდაც ოქროთი სავსე შენ საზიდარი. თერმოპოლიუმები, რამე გაუყიდავი, ზოგან გაქვავებული ტვირთი - მონაკიდარი… იდაყვშებჯენილები დუმან ტელამონები, ოდნავ იღიმებიან ტანტიტველა მონები, დაკუნთულს და დაძაგრულს, ტინად შემდგარ სხეულებს, წელზე მოკლედმოკეცილტილოშემოხვეულებს ვერ მოვშორდი, ვინ იცის, ვისი იყვნენ მონები, უცნობ მოქანდაკეთა დიდად მოსაწონები. იქნებ ამოფრქვევამდე დაიმკვიდრეს ჰადესი, ქვამ კი გააუკვდავა, აწმყოა - უცხადესი. დგანან ღვიარებაში ორი ათასწლეული, შესცქერიან სტუმრები, უწვევი თუ წვეული. ტელამონი - ჭაბუკი მოგამსგავსა გულმა და დამიარე სხეულში ნეტარების ურვადა. ამბავია ჩავლილი, ვნებით თავქვე ცურვა და… ნეტა მოგესურვა და ნეტა მოგესურვა და… ეგ - წარსულში, აწმყოში - მე, ქარია, დიდება და მოვარდნილ ვნებათა მედგარი ადიდება! ან ეს ლექსი ვის უნდა, ნეტავი რად იდება?! შენ მომგონდი, თორემ რა მეკარიატიდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი