გამოსაყოფი
#ლექსები ნინო დარბაისელი გამოსაყოფი შენ შეგიძლია, მზეს უჭყიტინო? ან წყალს მოსწყურდე, ან პურს მოშივდე? ან ცეცხლი დაწვა? აი, სიყვარულს შეიძლება, ისე მოუნდე, რომ ღამეები არ დაგაძინოს. დაკვირვებიხარ? წინასწარ მოდის სიყვარული, დაასწრებს მოსვლას, ვიდრე მოვა, (თუკი მოვა) შეყვარებული. როგორც გინდოდეს, დაუძახე: - სიყვარულის წინასწარგრძნობა, წინათგრძნობა, მუცლის პეპლები, მზაობა, გინდაც ინტენცია. სიყვარული - პირველი მოდის! პირველ სიყვარულს შეგახსენებ, თორემ იქნება, მერე და მერე მთქნარებამაც კი გადაგღალოს და მაინც ერქვას სიყვარული, ან კიდეც იყოს! პირველ სიყვარულს შეგახსენებ, იმ ასაკისას, ბიჭებს რომ ძილში ემართებათ პოლუციები, ხოლო გოგოებს - ჯერჯერობით მსახიობები რომ უყვარდებათ, კინოფილმებში მონაწილენი, ხელოვნურები, ცოცხლებიდან იქნება, ვინმე რეალური მომენტებში წაჰგავდეს კიდეც, მაგრამ ვერავინ ვერსდროს რომ ვერ შეედრება. რა უსაფრთხოა კინოფილმიდან გულსჩავარდნილის სიყვარული, მით უმეტეს, უცხოური თუა ის ფილმი; ოჯახიც ისე მშვიდადაა, გულარხეინად! დიდნი იტყვიან, იყოსო ასე დაკავებული, აგროვოს იმის სურათები და გადაცვალოს, ამ ასაკისთვის უკეთესია. ყველა ასეა, ჰორმონები რომ მოაწვება; გაიზრდება და ეს ყველაფერი სულ თავისით გადაუვლისო. მეც მსახიობი შემიყვარდა, ოღონდ ვიცნობდი რეალურად, ისიც შემეძლო, მივსალმებოდი, ხელიც შემეხო, მელაპარაკა მასთან თუ მასზე, გამომეგონა ათასნაირი მოსაყოლი. ფანტაზიები დაქალებში შთამბეჭდავად გამომდიოდა. ის?! ის - რა გითხრა! რაკი დავიწყე მოდი, ამასაც არ დაგმალავ! … ამ არაფრის აზრზეც არ იყო. ხანდახან როცა შემნიშნავდა, გამიღიმებდა, მოსალმებითაც - მესალმებოდა… ან სად ეცალა სიყვარულისთვის, ან რად უნდოდა! სიყვარული - ხომ შეყვარებულზე ერთი ნაბიჯით ადრე მოდის! მე რა ვიცოდი, იმის მერე დრო გავიდოდა, უფროსის ”ვოლგით” აეროპორტში გამაყოლებდა, უფროსის ცოლთან უკან სკამზე ვიჯდებოდი ოთხი საათი! რადგან საერთო ახლობლების თვითმფრინავი აგვიანებდა, დროდადრო ისიც საუბარში ჩაგვერთვებოდა და ვერ ვიცნობდი, ღმერთო, დრო იყო, ზურგიდან ხომ ეგრევე ვცნობდი, ან გულით, გეშით, ან ხმით მაინც როგორ ვერ მივხვდი, როგორ, საერთოდ აღარ მეცნო! რა სასტიკია ჩვენი ყოფა, ხუმარა თუ ირონიული, რა დამცინავი! რაო? რა ერქვა? ის, ძველებური აღზრდა მაინც თავისას შვრება, ერთს ვიტყვი მხოლოდ, დღეს ცნობილი მსახიობია! პირველ სიყვარულს შეგახსენებ! მზამზარეული პანოა იგი, ვით ფოტოგრაფის ნახევრადბნელი და შმორიანი სტუდიიდან გაზაფხულობით სამზეოზე გამოტანილი, დროულად გამომზეურებული, ფერგადასული პანო-მეთქი, ზედ ყველაფერი უკვე ხატია, მთები, ველები, ყვავილები, სულ გულუბრყვილო, ბექგრაუნდული პეიზაჟები, წინ - თეთრი ცხენი, შავი ჩოხაც და ისღა გრჩება, რომ ამოჭრილი ოვალიდან თავი გამოყო. (ჩემს შეყვარებულს ოვალში, მაგრამ სულ სხვანაირში, - - ოჯახის ყულფში ჰქონდა თავი უიმედოდ გამოყოფილი). რაო, ზომაო? ზომა - ისეთი, ნებისმიერი მსურველის თავი გამოეტიოს! (გვიან გავიგე, მაგ სტენდს თუ დაფას ტანტამარესკა რქმევია თურმე. ტანტამარესკა ტანტამარესკა… რა ერითმება? უბრალოდ, ფრესკა… არა მგონია, ჩვენს მშობლიურ ენაში იყოს დამკვიდრებული). საკმარისია, ჩვენ - სიყვარულზე ვილაპარაკოთ! შეყვარებული როგორი იყოს, რა უნდა ეცვას, როგორ იდგეს, როდის რა თქვას, როგორ მოიქცეს - ეს ყველაფერი უმისოდაც, წინასწარვე სულ წვრილ-წვრილად გაწერილია, ფილმთა თუ სადღაც წაკითხულთა, თვალმოკრულთა თუ გაგონილთა ფრაგმენტებიდან ამოკრეფილი დეტალებით აწყობილია სამისო პანო და მოლოდინში მზეზს ეფიცხება და სულერთია, ვინ იქნება, ოღონდ იყოს, ოღონდ გამოჩნდეს! იმ სიყვარულის ამბავს ვყვები, რომ არსებობდა, ყველანაირად მზად რომ იყო, ერთი მხარე კი მუდამ რომ აკლდა - ის, ერთადერთი არსება ვინმე, ის, მსურვებელი, თავგამრისკავი, გამძლები ანდაც - ნებაყოფლობით ოვალში თავის გამომყოფი და ამ პოზაში აპარატის ჩხაკუნამდე გამჩერებელი. ჰო, ამბავს ვყვები იმ პირველი სიყვარულისას, იმ პანოსი თუ ტრაფარეტის. - დამწიფებამდე ქარების მიერ, კენწეროდან ჩამოგდებული და თავქვეებში მოგორავე მე ვარ ნაყოფი, სად არ ნამყოფი. მთელი ცხოვრება მაძიებელს თავგამომყოფთა, მითხარი, აბა, აღარ მეყოფა ან თავი სადმე გამომეყოფა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი