დღეგრძელობისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 დღეგრძელობისა
 (იუმორესკა)

არ ვჭამ არაფერს ცხიმიანს,  კალორიებსაც ვიცავ, 
ნამცხვარი ტკბილი? არც მახსოვს, რა გემოსია, ვფიცავ!

ვიტამინებს ვსვამ,  კომპლექსებს, მივდევ  წესსა და ბალანსს, 
 ძაღლისას, რამე ცხოვლისას  ხელს როგორ ვახლებ ბალანს!

ვიძინებ შებინდებულზე, დილაადრიან ვდგები, 
რვასაათიან ციკლს ვიცავ, კარგი მაქვს შედეგები!

წყალს ვსვამ დღიურად ორ ლიტრას, ექიმმა  ბრძანა ასე, 
თხილეულს ვიღებ -  ნორმაში, 
მუჭი მაქვს ნუშით სავსე.

სახამებელს და გლუტეინს არც გავაჩერებ არსად.
ტონა ბოსტნეულს შევიძენ მე მაგ შხამების ფასად! 

ნერვებს არასდროს ავიშლი, რაში მჭირდება სტრესი, 
ვვარჯიშობ,  მთელი ტანი მაქვს მასაჟით დანასრესი.

ნიკოტინსა და ალკოჰოლს არც ვეკარები ახლოს, 
ყავას ჩემს, - უკოფეინოს, ხელი არავინ ახლოს!

თუ ვზივარ  ხოლმე უძრავად, მხოლოდ ორმოცი წუთი,
მერე ვარჯიშებს ვიტარებ,  მეყოფა წუთი ხუთი!

ყოველდღე გარეთ ვსეირნობ, ავდარია თუ დარი.
 ისეთ ადგილებს ვნახულობ, გამოცოცხლდება მკვდარი.

ანგელოზი ვარ ნამდვილი, ფრთები მაკლია   რაღა!
ამ ცხოვრებაში ჩემსავით, რა, ბევრმა გაილაღა?!

მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სულ ჯანმრთელად ვიყო…
მეძახის ხმა შინაგანი: - რით ვერ გაიგე, ბრიყვო! - 

სულ ტყუილია ეგ შრომა, ნეტა თუ დაოკდები!
თუ ხარ ჯანმრთელი,  იცოდე, მაშინ ჯანმრთელიც  კვდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი