ქაქუცა


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ქაქუცა
(ძველი ფაილებიდან)

იცი, პარიზში ქაქუცა ცხოვრებამ როგორ გაქუცა?
ზურგი აქციეს ლევილში, ძაღლი-ღა მიელაქუცა.
ამა ამბავის გაგებამ მე - გული დამინაკუწა.
თითქოს ქაქუცა კი არა, მიადგათ კართ ქარაქუცა, 

არა ბრძოლებით ცნობილი ვაჟკაცი შავჩოხიანი, 
ოდნავად ცხვირკეხიანი,
გმირი, ხმაომახიანი.

არად ჩათვალეს გმირობა მისი, არისო ზღაპარი, 
არც  რამე ჭერი გაუყვეს,  არც მისცეს რამე საფარი.

ის რაზმიც შემოეფანტა,  დაგვირჩა სუმთლად ეული.
დაგვიძაბუნდა, სმას მიჰყვა, შინ -  გმირად ყოფნას ჩვეული.

ენატრებოდა არაგვი ცივ-ცივი,  კალმახიანი,
ველები - ბალახიანი,
ალაგნი -  ვენახიანი, 
ტყეები -   დაბალხიანი, 
გვალვაში - ცა მეხიანი,
მარჯვენი - არმარცხიანი.

მსმელს, სიმღერებიც ახსოვდა, გული გაუხდა არ ცივი,
იარებოდა  მარტოკა ფრთამოტეხილი არწივი.
 
ძველი იერი დაკარგა, თვალით არ ინახვებოდა.
 “- თამარ, ჩვენი ცა გახსოვსო?” პაპავას ეკითხებოდა.

ორმოცი წლისა წავიდა ვაჟკაცი ქვეყნის მამშვენი,  
ბოლოდ შეჰყარნა  ერთგულნი - სიკვდილთან მოთამაშენი, 
საფლავის ქვაზე დაწერეს სიტყვები, გულს დასაშენი:
“გარდახდა სიცოცხლე შენი, გაგრძელდეს საქმენი შენი.“

ესე ამბავი ნამდვილი ფაქტია, არ მოჭორვილი. 
შენს ქვეყნად - გმირიც რომ იყო, უცხოეთს - ხდები ლტოლვილი.

მივალ და ამეტირება,  რა მწამლობს ამ ფიქრებიანს!
ფშავ- ხევსურთ ახსოვთ ქაქუცა -  გმირად, მის ამბებს   ყვებიან!

რუსს ჩვენი ცოდვა დაედოს,   ვინც  ოლე დაწვა,  აბრუნდა,
ლტოლვილად მოკვდა -  პარიზში, 
შინ  - ისევ გმირად დაბრუნდა!

2006

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი