წყვილი შეზლონგი - აივნისათვის
#ლექსები ახლა სულ გასართობ რამეებს ვწერ. მეგობრებო, დაისვენეთ! ნინო დარბაისელი წყვილი შეზლონგი აივნისათვის კარგია ეს შეზლონგები, აგრილებულზე დაწვები, აივანზე ხარ, ჩრდილში და ოდნავ გიბერავს სიო. მოჰყვა ბალიშიც - მომრგები… რაო?! - რა დროის ღაწვები, რაღაც ცემას ვგრძნობ - გულსშიდას! ასაკი - საპენსიო. წლები ან როდის გავიდა, შევბერებივართ ერთმანეთს, ვერც კი შევნიშნე აქამდე, თურმე ძალიან გავცვდი. არც კი მეცნობა თავი და თმას - ერთდროს ლამის დასაპენტს - თითქოს წვრილ ძაფად ვართავდე; გავსუქდი, გავზარმაცდი. თან რომ ვერც ვხედავ, ვერაფერს?! ვეღარც ვერევი ნაოჭებს, ვეღარაფერში ვეტევი, აღარც მეტყობა წელი. დროს ველი მარჯვეს, შესაფერს, და მოლოდინი მანიჭებს ძალას, რომ დავრჩე შემტევი კიდევ მრავალი წელი. ქმრის ამბავს მკითხავთ?! რა უჭირს! მუჭით სვამს გამოწერილებს, უყვარს ძილი და პლედები, ძილის წინ - ჩაი თბილი. მოდებული გვაქვს კაუჭი ერთი - წელგადმოცერილებს, რული რა უცებ გვედება, გაქრეს! - ვით მზეში რთვილი! “გახსოვს? - ზღვისპირა შეზლონგი, ჩემი - თამამი ბიკინი, შენ - დაძაბულად მზირალი, ქვიშაში - ჩანთა ჭრელი. (ახლა?! ფეხებმა - შეძლონ კი) ჩემი უაზრო ტლიკინი. დეიტონური - წინ რალი, ფინიში - გადამჭრელი - ეს ყველაფერი - წინ გვედოს, კი არ ბჟუტავდეს ხსოვნაში, ისევ ისეთად გხედავდეს, ბეცი არ იყოს გული! შეზლონგი - რამ საიმედო, სხვაა - ახლა და სხვა - მაშინ, განა ვზიდავდით - მხნედ ამდენს ვით ძველი საბარგული, რომ არ გვცოდნოდა ორთავეს, ოჯახი - არის გაძლება, მოაქვთ დროდადრო თარიღებს დარდების გარდა - ლხინი! დრო მოდის, კუბოს მორთავენ, ცა - ლოცვით მოიტაძრება, სასაფლაოსკენ წაგვიღებს ცალ-ცალკე ბალდახინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი