გიცქერი ციდან
#ლექსები ნინო დარბაისელი გიცქერი ციდან თუ მოგენატრო, ცას, ცას უყურე, ამ მზეს უყურე, მთვარეს, ვარსკვლავებს! მხოლოდ ცამ იცის, ხმები, ლანდები და ჩრდილები, ქარტეხილები, სიჩუმეშივე დაბადებულნი მერე როგორ ჩუმად კვდებიან. მიწამ რა იცის? - კერძოობა? სამან- საზღვრები? ოფლის ღვარები? გრავიტაცია? მიწაც - ცაში დაიარება, და რაც არსებობს, ღიად თუ ჩუმად, სუყველაფერი მიწასავით ისევ ზეცას ასჩერებია. ცას, ცას უყურე! აქაა ყველა, საუკუნეთა წინ გარდასული, უკვე მოსულიც, მომავალიც, მიწაც - ცაშია. დაბლა - მიწისთვის იბრძვიან და იხოცებიან, მიწა -აშორებს, მიწა - ამიწებს, ზეცა იცავს და აერთიანებს, აიტაცებს ადამიანებს. ცას, ცას უყურე, აბა, მიწა ვის ასცდენია? მიწას რა რჩება? -მიწიერება? საბელები? ცას, ცას უყურე, ნუ ებმები დედამიწაზე! მანდ რა გვეკუთვნის რაიმე, მუჭით გულსდასაყრელი, ან მუჭა ფერფლის გასაფანტად - რამ არემარე? 2. ეს მზე ევასაც უნათებდა, ამ მზით იწვოდა რუსთაველი, გურამიშვილიც, გალაკტიონსაც ეს მზე სწვავდა; ეს ვარსკვლავები, გუნდ-გუნდები, წინ მიუძღოდნენ ისევ ცისაგან ჩამოწოლილ სიბნელეში, აბსალომისკენ ტანთშემოხეულ, თავნაცრიან, თვალცრემლიან თამარს იმ ღამით, ნახევარძმამ რომ შეიტყუა და შეაცდინა, მერე კი გარეთ, სიბნელეში კარისკაცებს ძუკნასავით გააგდებინა, ეს მთვარე ადგა თავზე პოეტს, მთვარე - შროშანი, ჰაფიზის მთვარე - საუკუნოდ მოლაპარაკე. დედამიწაზე ჩვენ საერთო არა გვქონდა რა, მხოლოდ ცა იყო, მე და შენ რომ გვაკავშირებდა. 3. მე ვარ ღრუბელი მკვრივი, მძიმე და ტყვიისფერი, რომ დგას და ფიქრობს, გაიფანტოს და წარღვნად მოსვლა გადაიფიქროს, თუ ერთიც დასცხოს, ერთიანად? იქნებ ტყუილად იმუქროს და მერე ქარს გაჰყვეს, გაილიოს, თეთრს შეერიოს? ცას, ცას უყურე, მე ცაში გელი, მე ცისა ვიცი, რა ხანი არის, მიწიერი - არ მავალია, რა? იერიო? რამე მიწიერს რომ შეერიო?! მისი იერი - წარმავალია. არსაგოდები. ამოიხედე, ამომხედე, არ მოვმკვდარვარ, მე დაგყურებ, აქ გელოდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი