ფიქრი პიკასოზე
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ფიქრი პიკასოზე
(“მე მთელი ცხოვრება მოვანდომე ბავშვურად ხატვის სწავლას”- პიკასო)
სჭირდა თავიდანვე პაბლოს დისლექსია,
იყოს მასზე, ვითომც ლოლას - დის ლექსია.
დაიწყო პორტრეტით, როგორი რეტია,
ბოლოც - დაჯღანული ავტოპორტრეტია.
…
ფიქრი პიკასოზე ისევ არ მეშვება.
როგორ დავიცლები, როგორ გავეცლები
საკითხავებს? მათი გულში მიდგას რიგი.
ამ ერთით კი გული მწარედ დაისრულა.
პასუხს ვეძებ, იქნებ ვპოვო რამე შვება:
- დღედაღამ რომ ხატვით გაელია წლები, მიაღწევდა ნეტა იმ სიმაღლეს იგი,
რომ დაეწყო იმით, რითაც დაასრულა.
ცნო სამყარომ უმალ -“გენიოსი-ბავშვი”,
უხაროდა დედას: - ამისთანა რა ვშვი!
გენიოსი - მოკვდა, დარჩა - ბავშვი ოდენ.
ბავშვიც როცა მოკვდა, იმ ძველს მისტიროდნენ.
მემკვიდრეებს ერგოთ წილი - საომარი,
პამოლასთვის იყო მაინც არსაკმარი.
გენიოსში ბავშვი სუფევს მარადისი,
თუ გენია კვდება, ბავშვი საბრალისი
მარტო წვალობს ისე, ვით წვალობდა პაბლო,
შენში - გენიისა თუ ჩაქრება ტაბლო,
ვფიქრობ, გიჯობს, თავი აღარ დაიმდაბლო!
…
თვით მხატვარმა, თურმე, ასე დაიბარა,
იგონებენ მცნობნი თავად პიკასოსი:
- სჯობს, მოსული ბავშვად, ბავშვად დარჩე მარად;
კმარა, თუნდაც ერთხელ იყო გენიოსი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი