სიყვარულისა. ქოთნის ლობიო
#ლექსები ნინო დარბაისელი სიყვარულისა. ქოთნის ლობიო 1. განა რა უნდა არმოსული კაცის სიყვარულს. იქნებ გამოდგეს ეს სიყვარული მარადიულიც, ისე, დროითი ამბავია - ქალწულობის ხანა უყვარს და სულ პირობითი კილოებია: ბედს რომ ენდომა და ერთად რომ ვყოფილიყავით. ის ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მეც რომ სულ ცოტა დამეცადა, რამე მეცადა… ყოველ შეხვედრას და არშეხვედრას შემოახვევ მითის საბურველს, ყოველი სიტყვა - მისეული, მით უფრო რამე სიტყვა - ნაწყვეტი, თუნდ უბრალოდ, შორისდებული - შენს არსებაში ჟღერადობით უსასრულოდ ნატრიალები - არც არასოდეს გაგიცვდება, გაგიხუნდება; სულ თან გაგყვება, იმის მერე ასი კაციც რომ მოილიო. კალამიც გიჭრის? სიტყვაც გიჭრის? გამოთქვი! წერე! ყველა თავისას გაიხსენებს, თვითონ მოირგებს, წერე გულისამაჩუყებლად! 2. განა რა უნდა ან წასული კაცის სიყვარულს! - სიმარტოვეში გულიანად წაიწირპლები… “დღეიდან დავრჩეთ მეგობრებადო”?! განა არ იცი, რომ არ არსებობს სიტყვა, ამაზე ფარისევლური?! - თავდაზღვევა და პირობის გზით უვნებელყოფა, სულ მეგობრობის ყალბი სახელით, მაგრამ სხვა რაღა დაგრჩენია, რა ვქნა, საერთო გასაზრდელი გვაკავშირებსო, რაო? ლოგინი? ლოგინი ისე მალე ცვდება და მალე ცივდება. კვალს - შხაპი რეცხავს. დროს წამოჰკიდებ სხვა დანარჩენს, მიჩვეულია. სხვა გზაც არსებობს, მოჩვენებითად უფრო ადვილი, თუმც დროებითი შვებისმომტანი: კეთილი როლი - მთლიანად შენთვის დაიტოვო, ხოლო ყოველი საშინელება მას მიაწერო: რომ უგულოა, უგრძნობი და დაუნახავი, უსაქციელო და უსაქმური, დიდ საქმესაც რომ ეჭიდებოდეს. წასულის ხატი - შენი წილი ხომ შენ გეკუთვნის და ყოველ ჯერზე მომთმენია, ყველაფერს იტანს. წერა ამაზეც შეიძლება და ჩვენში რომ ვთქვათ, განა ქალური პოეზია სხვა რამეზეა? წერე, სიმღვრიე ვიდრე დაწდება, გული სასხვისოდ დალაგდება, დაიწმინდება! ფსიქოანალიზს, მის გარიჟრაჟს თუ გავიხსენებთ, შენ უნდა სცადო - მთელი წარსული ნეგატივის მის არსებაზე პროექცირება, შენი ფსიქიკა რომ გამოიხსნა… მაგრამ ერთია - ქვეცნობიერი - არავის ნებას თავს ვერ მოიხვევს, ყველაფერს კარგად შეგინახავს და ამოგიყრის მარჯვე დროისთვის. სულ რომ არ ელი, მაგრამ ისეთ დასახიჩრებულს, - შენივე თავი შეგეზარება. წერა ამაზეც გამოგივა, მსხვერპლის სიტყვები გულგრილად როდი მოისმინება. ყველა თავისას გაიხსენებს, თვითონ მოირგებს. 3. მკვდარი კაცისა? სიყვარული?! - აი, ეგ ხომ სულ ადვილია. მონოლოგია, რამეს იტყვი და ყოველი სიტყვა გმინვას ამოსდევს! რას არ იხილავს მგლოვიარე წარმოსახვა ცხადშიც, სიზმარშიც. ცუდს - რომაული წესისამებრ, სულ დაივიწყებ, კარგს - წვეთს - გარდაქმნი ოკეანედ, არც არაფერი გაგემტყუნება, ჭირისუფლურ მონატრებას ეგრე სცოდნია?! ის - რაღას შეცვლის ან რამეს როგორ გააპროტესტებს! პოეზიაც ხომ წასულებზე ან არც არასდროს მოსულებზე - კარგად გამოდის. პოეზიას ხომ დასაბამიდან მუდამ იზიდავს სიყვარულის გამოუვალი ვითარებანი. 4. საქმე ისაა, ცოცხალი და გვერდით მყოფი კაცი გიყვარდეს, კაცობრიობის სიყვარულზე ძნელი - ესაა. უნდა გაუძლო, იმისი ყოფა რეალურზე რეალური აიტანო და გადაიტანო, საპარსებით და საჩიჩქნებით, თანამდევი მისი სუნებით, ხმებით, შეხებებით. კაცს კი არა და ადამიანი ყოფაში ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერ აიტან, წარმოსახვები რომ არ გშველოდეს. ყოფიერება - ასე თუ ისე ადვილია, ყოფაა ძნელი, თუმცა კი, ქოთნის ლობიოსავით ყველანაირ წარმოსახულ საკმაზს აიტანს, პირის გემოს უნდა მიენდო და სულ იფრთხილო, რომ ძალიანაც არ გაგიმწარდეს, ან გართულმა გადაამლაშო, ამიტომაც მარილი - ბოლოს! დანარჩენი - გემოვნებაა, რას, რამდენსა და როგორ შეურევ, რასაც უზამ და რასაც უზამდი და მერე შუშე დაბალ ცეცხლზე დაუსრულებლად, ოღონდ მუდმივად თვალი გეჭიროს! 5 მე კაცისა ვთქვი, ქალის ამბავიც იგივეა, დაე, მკითხველმა თვითონ მოირგოს და სულ ახსოვდეს, ყოფა - ლობიოს ქოთანია, სულ მოთუხთუხე, უნდა აზავო წარმოსახვებით და დაუზავდე! პოეზია კი ვერ შეიქმნება, თუკი ყოფით ხარ კმაყოფილი, ან ვინ მოგისმენს, თავისი - ვინ რა გაიხსენოს, ყველას თავი გასჭირვებია, თავი ყულფში აქვს გაყოფილი; რომ მოგისმინონ, ჯერ უნდა გახდეს ყოფა - ყოფილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი