ფორტეპიანო


ფორტეპიანო 

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფორტეპიანო

ეს  - ბაღნარები ოქროს ხანის,
ფერდობიანი
და მარმარილოს ჰოლი - ხავერდის ფარდებიანი,
ძველი ჰანგები  - მოლანდებებს ბარდებიანო.
მოლანდებანი  - არასოდეს ბერდებიანო,
შენ, გულო ჩემო -
ნუ იბურდები, დარდებიანო!

უკრავს ქალწული:
ყელი  - მაღალი,
მხრები -სწორი,
იერი - მკრთალი,
კოცნა - მალული,
შეხვედრა - მალი,
არა - წამალი, ო, კორნელია*,
სიყვარული - უკურნელია!

სადღაა ნეტა საფერი ფლირტი,
ის ფანდი ანუ,
ის ფინტი ანუ,
დარჩა ფონტები და ინტერნეტი,
ფორტეპიანო..

ფორტეპიანო?!
ვისღა უნდა,
შინ ვის ეტევა,
ვისა აქვს სახლი დღეს იმხელა ფართობიანი?

ფორტეპიანო!
მუსიკალურში დარეკავ და,
უფასოდაც არ გვჭირდებაო,
თითოზე  თითო ინსტრუმენტი გვქონიაო,
მერე დარეკეთ,
გაფართოებას გვპირდებიანო.

ფორტეპიანო!
თუ ვინმე  მაინც შეგეხმიანა, განცხადება წავიკითხეო:
“გავაჩუქებ  ფორტეპიანოს!
ანტიკვარული,
მაკაგონი, 
ნაჩუქურთმალი,
შიდა კორპუსი საუკეთესო, 
ასაწყობიო”,
პირველი კითხვა, იცით, რა არის?
მაინც, რომელი სართულიაო. 
რომ გაიგებენ, მეორეო,
სხვები -  უფასოდ მოტანას
და აწყობასაც გვპირდებიანო.

“ რა  ასაწყობი ყოფილხარ სექსში, როგორც ძველი ფორტეპიანო”,
ცუდად აწყობილს - ასაწყობი სჯობია ისევ.
კაცებსაც, ატყობ, ორდებიანო,
ან სხვის ნათქვამზე ბოლდებიანო.
სხვის გასაგონად იმეორებენ,
სასაცილოა,
ვინც მეუღლეებს ქალწულებად ბარდებიანო
ან ქალიშვილად ბერდებიანო.
ო, რიტორიკა ფანდებიანი!
ეს - ბულინგი,
დღეს ქალწულობა -
თავისუფალი არჩევანია,
თავისუფლებას ვინც პროგრესის სახელით
ებრძვის,
თუნდაც ეს ბრძოლა -  ეკრანიდან დაცინვა იყოს,
მოძალადეა,
თავად ოდესღაც ძალადობის მსხვერპლად ნამყოფი!
ო, რეალობავ, შენ, გულუხვად ნაფინანსებო,
ო, რეალობავ,
შენ უცხოურფონდებიანო!

და რეალობა როგორ გღლის ამ დროს!
ფრჩხილით უმწიფრად უსვამ გლისანდროს..

ისმის შოპენი ყურსასმენებში,
ისმის შოპენი,
სხვა ხმაურები - ფონდებიანო.
არავის უნდა ნეტა ჩემი ფორტეპიანო?

- --
*

ვინ კორნელიაო, რომ არ გაწვალდეთ ფიქრით, დავაზუსტებ.
ლექსის დასაწყისში ვენდერბილდების მარმარილოს სასახლეა აღწერილი.  ულამაზესი კორნელია ცნობილი  იყო თავისი ექცენტრული ბიოგრაფიით.  ჯორჯ ვენდერბილდის ბილტმორის სასახლე - საოცრება - მას ერგო მემკვიდრეობით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი