ღრიჭოები
რიჭოები ო.იატაკის ღრიჭოებო, ღრიჭოებო ძველებური იატაკისა, მამის ჯიბიდან ჩამოცვენილი ხურდა-ფულების შემნახავებო, არც ისე დიდნო, დიასახლისს ამოსაგოზად რომ მოეცალა და არც იმდენად პატარებო, ჩემს ბავშვურ თვალებს თქვენში ჩაჭყეტა და იდუმალი ხმების მოსმენა გასჭირვებოდა. გახსოვართ? გახსოვთ ჩემი სამკუთხა აღსარებები? ისევ ინახავთ იმ ბარათებს, თუ მეპარკეტემ ცოცხი მოუსვა წაუკითხავად? ''მე ახალ სახლში გადავდივარ. მე ვარ ათი წლის. მე ვარ ნინო დარბაისელი. მე ეს სახლი ძალიან მიყვარს და როცა დიდი გავიზრდები, ფულს მოვაგროვებ, ვიყიდი და აქ დავბრუნდები. მშვიდობით,ჩემო ღრიჭოებო!" გახსოვთ? გართხმული იატაკზე, მუხლისთავებგადაცქვლეფილი, ყურს დაგადებდით და ვუსმენდი შორეულ ბუბუნს, სხვა ცხოვრებიდან მოსწრაფებულს. მე ხომ მჯეროდა, რომ ქრისტე სადღაც, ცაში კი არა, თქვენქვეშ ცხოვრობდა, თვალს გვადევნებდა ჩვენი ყოფის ღრიჭოებიდან.. ო,ღრიჭოებო, განძებისთვის გაჩენილებო! მე გავიზარდე, და მას შემდეგ,რაც გავიზარდე, კი არ ვარსებობ , ანდა ვცხოვრობ, ღრიჭოებს ვეძებ, ღრიჭოებს ვეძებ, მუხლისთავებგადაცქვლეფილი! 1992
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი