კვარცხლბეკი
#ლექსები ნინო დარბაისელი კვარცხლბეკი (ანას) შენ - ცხადში მეძებ, დროს უქმად ხარჯავ, არ მპასუხობო, მიწყრები, მე კი წუხანდელივით სიზმარი მტანჯავს ეს სიზმარია - ჩემი კვარცხლბეკი - - ქერათმიანი მე ავსიზმრეულ კლდე- ღრეთა შორის ქვითინ-ქვითინით ვიარები, დაგეძებ, დაო, ძებნაში კაბა დამიძველდაო, ჯღანი გამიცვდა, დამისველდაო, ო, როგორ მინდა შეგეხმიანო, ადამიანო, შავთმიანო! მე შენზე მტირალს - ცრემლი წამიღებს, მორევები ჩამატრიალებს, ესეც დობაა - ჩემივე ცრემლის მდინარეში ცრემლდიდობაა, მე დავიხრჩობი, ტყუპისცალო, დაბადებითვე შავბედისცალო, ნაღვლისცალო, შენ - სიმწრისცალო, ეს გული უნდა დაგაცალო, წასვლა არ უნდა დაგაცალო, ან რატომ უნდა გაგეცალო, განა ჩემამდე კლდიდან თავადვე არ გადაეშვი საკუთარ ცრემლთა მდინარეში? ღირს კი რამისთვის ამქვეყნად შებმა?ვიდინოთ ერთად, თან ცალ-ცალკე, შეურევლებმა, დაიმახსოვროს ამა ალაგმა - ცალობა - ვერა ძალამ ალაგმა, როგორც თეთრმა და შავმა არაგვმა, ვიდინოთ, ვიდრე ორივეს თავად დარჩენისა ძალი რამ მოგვდგამს, ვიდრე იტყვიან, “და ორივე რამ გადარია?!” ვექანებოდეთ, მოედებოდეს არემარეს ეს რია-რია! (რა? - სიზმარია?!) ვიდრე დამცხრალნი და დუნენი, ფშავის არაგვთან შერეულები, ერთფეროვნები, მცხეთასთან მტკვარში შერეულები ჩავედინებით. უჩვენწყლებოდ მტკვარი - მკვდარია. კლდის ნაშალი შავი ქვები შენ - მცხეთამდე გეთრია, ვაჟი - ერთი გვეთნეოდა, ვის გულს მეტად ეთნია. მე - კირქვებმა გამათეთრა, შავთან - თეთრი მკვეთრია. შენი ჭირი - შავი იყო, ჩემი ჭირი - თეთრია. მენატრება საქართველო, ის ველები, ის ზვრები, დაო, დღისით შორი ხარ და ღამით - დამესიზმრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი