მწარსული
#ლექსები ნინო დარბაისელი მწარსული ცხოვრება - ზღვა არის, თუ გარეთ წყნარია და ბნელშიც ელვარებს, შიგნიდან მღელვარებს, ასცქერის მწვერვალებს. მუდმივი ტალღები, მოქცევა-მიქცევა, ახდება ოცნება? - წარსულად იქცევა. ზემოთ - თავაზია, ქვემოთ - ტირანია. სუსტებს და ტანჭრელებს შეხრავს პირანია. ვინც გაგბრაზებია, ვინც მოგფერებია, ყველა დაილექა, ფენა - ფენებია. ირგვლივ იყურები, ირგვლივ სულ ზღვებია, ვისაც უხარია, ყველას - უზღვევია. რამდენი დამშრალა, ადრე დალეულა, ფსკერი ჩანს - ჩონჩხები, კირში არეულა. და რჩები ბრძენეულად, გრძნეულად, ეულად. “-დიდ ზღვას არ ელევა მოსული - წასული, დროზე! დაუამე, ჰა, მოასწარ სული!” ახლა-ღა გებულობ, საბრალო, მწარ სული - ნატვრა ახდენილი - გახდება წარსული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი