მაწონი


#ლექსები

ნინო დარბაისელი
მაწონი
(ვ. ჩუთლაშვილს)

ბოლოს რომ ვნახე დედაჩემი,
ბოლოს რომ დავრჩი ჩვენს ძველ სახლში,
ძველით ახალ წელს
ქვეშაგები რომ გამიშალა, 
ზემოდან პლედიც რომ დამახურა და 
ძველებურად  თავ-ფეხ-კისერთან- გულმოდგინედ  ამომიკეცა,
აქა ცივაო, გამეცინა:
- რა არი, დედი,
 შესადედებლად  სითბოში დადგმულ  შენს მაწვნის ქილას რომ   დამამგვანე!

ჩათბუნებულმა
იმის დამჭკნარ ხელებს დავსუნე.
საპნის ახალი სუნი მეცა, 
სულ აღარ  მეცნო. 
სად გაქრა  ნეტა მშობლიური,
ოდნავ მომჟავო,
რძენაწველი, 
კარაქმდღვებელი,
ყველამომყვანი ხელების სუნი,
ლურჯმუშბიან მაგიდაზე რომ დაგვიდგამდა   ყოველ ცისმარე გამჭვირვალე ლიტრიანით ახალ
მაწონს და 
მათლაფებსაც  მოაყოლებდა, 
პური ჩაიფშვნან ან პურის ყუა შიგ ჩააწონო.

მერე ერთ დღესაც,
მეც რძესავით როცა ავდუღდი და გადმოვედი 
წამით მზარააცილებული,
დედას შევხედე და  გამეფიქრა,
მთლად დალეულა, 
თმაც როგორ  უმაწვნისფერდება,
რად იფერდება!

მერე ამ ფიქრსაც მივეჩვიე,
იმასაც, 
ჯერ რომ გაისტუმრა იმქვეყნად ყველა
და ბოლოს თვითონ
ფეხაკრეფით გაიპარა,
როგორც სჩვეოდა ძროხის პატრონს,
ემანდ ბალღები გათენებამდე  არ დაღვიძდნენო.

დავღვიძდით,  დედი,  
უშენობა რას შევაწონო,
ან შენ - მაწონო,
სნეული დედის შემხედვარეს შენი მოკითხვა ვერც გამებედა,
ნეტა ეს დარდი  შეუფუთავად რამ შეადედა,
მიწისას გეტყვი, 
 ცისა მითხარი,
 ხმა გამე,  დედა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი