ქართული მინოტავრომაქია
#ლექსები ნინო დარბაისელი ქართული მინოტავრომაქია* მამაჩემი - ბუღა იყო, დედა - მყავდა დედოფალი, გამაჩინა, გაზრდას ჩემსას, ნეტა ცოცხლად დავეფალი. ხარის კუდი, თავი ხარის, ტანი - მერგო მამაკაცის, ოცნებებში გავიხარე, ხარს დამაკლდა ქვეყნად რაც, ის. მამა - მყავდა ზევსის ხარი, ვინ რა ჰკითხა მეფე მინოსს, მოკაშკაშე პასიფაიმ ბრძანა, “სიძვა მომითმინო!ს” და ასეთი დავიბადე, და ასეთი გავიზარდე, საჭმელს კაცურს მომაშორეს დაიცაო გაისამდე. მსჯავრდებული და ქალ-ვაჟი ლაბირინთში ვჭამე ბევრი, ძვლების მთები დავდგი ბნელში - ვერ აღგიწერთ ენამჭევრი. შენ, თეზევსო, ჩემი მოკვლით სახელი კი შეიძინე, გაუკვდავდი ჩემთან ერთად, სამუდამოდ დამაძინე. ნახევარდამ გამიმეტა, ვერ მიტანდა არიადნე, გზა გორგალით დაგინიშნა, ლაბირინთში გამოაგნე, მაგრამ ჩემი გადევს ცოდვა, საუკუნო გახდა ცოდნა, რომ უწესოდ ჩასახული და შობილი არა ტყუის, თუ არავინ ეგულება გადამგდები პურის ყუის. “მეოცნებე ტყვე” ვარ დღესაც მინოსისა - მინოტავრი გზას ინიშნებს კრეტისაკენ თუ გამოჩნდა ზღვაში მგზავრი. ჩემი მწარე არსებობა ქალს სიბრძნის კარს გამოუღებს, ქალებო და დედოფლებო, მოერიდეთ ქვეყნად ბუღებს! - - - * მინოტავრომაქია - მინოტავრის მითისადმი მიძღვნილი, პაბლო პიკასოს ნამუშევართა- შედევრთა სერია, შექმნილი1930- 1935 წლებში.,, მეოცნებე ტყვე - ასე მოიხსენიებენ მას სხვაგვარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი