ლოცვა მარტული
#ლექსები ნინო დარბაისელი ლოცვა მარტული (“ხოლო უფალი კაცის გულს სწონის” იგ. 21:2) ღმერთო, აწონე ჩემი გული! - შიგ მოქცეული ეს ქარიშხლები, მკაცრი, მარტული; ეს ლაწალუწი კვირტებდასხმული, ტოტებისა, ერთდღიანი მზით მოტყუებულის; ეს ნანგრევები ჭერგადახდილი ბინებისა, ეს არეული სასწორები, მიყრილ- მოყრილი გირები და მრუდე ისრები! ღმერთო, აწონე ჩემი გული!- აღსავსე ვერცხლის სარკეებით, იქნებ შენ მაინც, იმათ შორის ამოარჩიო, რაიმე ერთი, არამრუდი, მართლისმეტყველი. ღმერთო, აწონე ჩემი გული! - შიგ შემდინარ-გამომდინარი ამ სისხლიანად, მისი დენანი ჟანგბადსა და სხვა საკვების უწყვეტად მზიდნი, ვიწრო ძარღვებში გაჭირვებით რომ ეტევიან. ღმერთო, აწონე ჩემი გული! - კეთილ-ბოროტის ბრძოლის ალაგი, საიმედო თავშესაფარი, შავბნელ ზრახვათა თავის სიღრმეში ჩამბრუნებელი, კეთილ საქმეთა სათვალიოდ გამომშვები. ღმერთო, აწონე ჩემი გული! - იქნებ გაიგო, სულ რა აცინებს უდროო დროს, მაშინ, როდესაც წესიერი ადამიანი უნდა ტიროდეს! ღმერთო, აწონე - შენი წესით და გინდ გემჩატოს ან ზომაზე მეტად გემძიმოს, შენ შეიწყალე! არ უნდა ჩემს გულს წესიერება , არც აწონილი სამართალი, ან ამდენს როგორ უნდა გაუძლოს! შენდობას ვითხოვ მარტოოდენ! დე, იწიკწიკოს კიდევ ცოტა ხანს გაფუჭებული საათივით, რომ ცდი მომართვას ყოველ ჯერზე იმის იმედით, იქნებ და მოხდეს სასწაული, იქნებ თავისით, რაღაც პატარა ზამბარა უცებ ამუშავდეს და ორიოდ წამში აღარ გაჩერდეს ძველებურად, გაფუჭებულად. ვილოცვი ასე და სიტყვებზე ცრემლიც დამერთო, გემუდარები, ამ ერთხელაც, შემინდე ღმერთო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი