მანორა. გამოცხადება
ლექსები რაკი პირადში მეგობარმა მკითხა, იქნებ სხვასაც აინტერესებდეს. ეს არის ჯერ კიდევ ანტიკური პოეზიიდან ცნობილი “ჩამონათვალის ლექსი”.(list poem) გასული საუკუნის მოდერნისტული პოეზიისთვის უცხო არ იყო. ამ სახეობის ლექსისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია,თავისუფალი იქნება იგი თუ კონვენციური. შეიძლება ჰქონდეს რითმაც, როგორც სისტემატური, ასევე სპორადული. ზომლეთელს მთელი ლექსი ჯვარედინადაც კი გაურითმავს, მეტრიკის მხრივ - კონვენციური ლექსია. მერე მთლიან ლექსში გარითმვის ეს სქემა კი, მაგრამ ხარისხი - მთლად ვეღარ დაუცავს.(abab - სურო /ურო, ნავთი/კავთი) ჩამონათვალის ლექსი თემატიკურად შეუზღუდავია. დამწყებთათვის - კარგი სავარჯიშოა თხზვაში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლექსის ბოლო სტრიქონი ეფექტური უნდა იყოს სხვებთან შედარებით. ვინც ინგლისურად კითხულობს და მეტი სურს იცოდეს,ამ ლინკს არა უშავს: https://gooduniversenextdoor.com/2022/03/18/list-poems/amp/ გუშინ ვცადე, თქვენთვის “ჩამონათვალის ლექსის” თავისებურება ამეხსნა. ახლა თვითმფრინავში, დროისგასაყვანად, ბარემ შევთხზე ერთი ჯვარედინად გარითმული, თორმეტსტროფიანი, ნიმუში. ცხადია, უზმნოა. ნინო დარბაისელი მანორა. გამოცხადება ქვები და ძვლები და გზები, ტუფი, მარმარილოს მთები, ხვლიკები - მზით ანაგზნები, ცეცხლები - გზად დანანთები. მონათა დილეგი ბნელი, უწყლობა, უწყალო შრომა, ქვების ამოზიდვა ძნელი, წყაროთა კარგვა და შრობა. აგორა, ქვევრი და დახლი, კიბესთან - ახალი ხიდი. ერთად - სავაჭრო და სახლი, წინ - ამფითეატრი დიდი. მიწისქვეშ - სვეტების წყება, კედლის ნარჩენებზე - ფერი, წარსულის არდავიწყება, გვერდით მომავალი ბერი. თეთრი მარმარილო - შავი, შავი მარმარილო - რუხი, ადრე შემოდგომის შვავი, თხრის ხმები და რახარუხი. სლიპინა ქვები და იქვე, მანორა, თევზი და რკალი. ამფორა - რატომღაც - პირქვე, მლოცველი - ქურუმი ქალი. და ტაძრის მეძავთა გზები, სანდალი, წარწერით - “მოდი”. და გადმოლახული ზღვები, საწოლად - მართკუთხა ლოდი. თიხის ჭურჭლეულის კვალი და ასკლეპიოსის თასი, საფლავში - ნარჩენი ძვალი, საფლავზე - დამარხვის ფასი. კედლებზე - კვლავ ტეტრარქები. ფერადი ფრესკო და სვეტი, სამსხვერპლო ლოდებთან - რქები, დასხმული თავბრუ თუ რეტი. კატები - შავი და ჭრელი. კატური ხრიკი და ფანდი. გამხმარი ბალახი - მჭრელი, მტვერში - მოზაიკის ლანდი. ერთად მოგროვილი რიდით- ნაჟანგი რკინა თუ რვალი, საუკუნოვანი ხიდი - პავლე მოციქულის კვალი. ფეხით გადავლილი ქედი, მჯდარი - მე - უტყვი და მშვიდი. ესეც - ბიბლიური ხედი, აზიის ტაძარი - შვიდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი