ჩემი დომინიონი და სამსახურისკენ, შესავალი ტექსტითურთ.


ეჰ, ეგრე არ გამოვა!
მე მეგონა დაყრიდით ახლა ,  “ლისტ პოემის” - ჩამონათვალის ლექსის ნიმუშებს და ვიხალისებდით…
 ამაზე შეუზღუდავი ფორმა ხომ ცოტაა.
ვინც ქუჩაში ფეხით  დადიხართ, უზმნოდ ჩაიწერეთ,  რასაც ხედავთ, თუ მანქანით- გზას უყურეთ, თქვენი ჭირიმე, შარი არ გვინდა.
ჯვარედინად კი არა და თუ გინდათ, სულ ნუ გარითმავთ.
აი, მაგალითად, 
ვითომ თბილისში გამოვედი, ჩემი სახლიდან მივეშურები 

სამსახურისკენ

კარი ლითონისა, მძიმე,
ძოწისფრად რამ  მოციმციმე.

ხელში - გასაღების აცმა,
 ჯიბეში - პატარა ჯვარცმა.

კიბეზე - ჩაგვილი მტვერი,
მოუსალმებელი მტერი.

ფეხის ტილოები სუფთა,
სუნები კატლეტთა, სუპთა.

კედელზე - ნაჯღაპნი შავად,
ტლანქურად, მოუხეშავად.

ქუჩაში - არავინ. ალბათ -
შინ  - მოხვრინავები ხარბად.

სველი გაჩერება ქარში,
ხალხი - ვით ტოლმაში ფარში,

მჭიდროდ გამოკრული   მდგარი.
ისევ უღიმღამო დარი.

ტრანსპორტი - ავსილი მგზავრით,
წასული - მოკლეზე გავლით.

ცხვირი - მოყინული, ხელიც,
ოცნება - ფინჯანი ცხელი

რძის, ჩაის,  ყავისა, როგის,
გეგმაში  - რაიმე ბლოგი.

აივნის მომგლეჯი ქარი,
მშველელი? - ვინ ჯადოქარი!

ღიღინი -  ლოდინი, ლელი…
დაღლილი მე - ფეხით მვლელი.

იქნებ და, გარეთ სულ არ გადიხართ, ჩემსავით ოჯახში ტრიალებთ. მაგალითად , მე სამზარეულოს “ჩემს სა
ფლობელოს”  ვეძახი. 
საშინლად არ მიყვარს, ვინმემ რამეზე ხელი რომ მოიკიდოს,  თვითონ ერთი ერბო- კვერცხი უნდა
შეიწვას და მე - ყველაფერი გამიქონიანოს, ამირიოს, მთელი დღე ვალაგო…
    სულ ვეუბნები ყველას, თქვენ დაჯექით, მე - მოგემსახურებით- მეთქი.
  

ჩემი დომინიონი

მაცივარზე მაგნიტები -
რა - ხედები, რა-  გვრიტები!

ქურა, მიკროტალღური,
დაფა - ქართულ- ხალხური.

უმძლავრესი მიქსერი,
 მოყოლილი შიგ ცერი.

მარმარილოს კედელი,
ტაფა - გაუწმენდელი,

დარჩენილი ქურაზე
შავზე, განა მურაზე.

ზემოთ -  თეთრი ფანჯარა, 
ფანჯარასთან - რამ ჯარა.

დაფაც -   ხაჭაპურისა,
გასახარი გულისა.

სიმაღლეზე დანები,
გვერდით - ყავარდანები.

აი, ესეც ონკანი, 
ქვეშ  კარადა - ორკარი.

მერე ჭურჭლის მანქანა,
 იქინა და აქანა.

მაგიდა და სკამები
ცოტაც -  რამ სადგამები.

ვიტრინაში - ჭიქები,
ამათით ვიბრიქები!

ნაგვის ვედრო მაღალი
მწერთა აყალ- მაყალი.

ახალი, ფოჩიანი, მონანდომი ნიორი..
ესეც -  ჩემი  სამყარო -  ჩემი   დომინიონი!

არ დაიზაროთ, თქვენც მიჰყევით რამეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

ამ ლექსის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ის არ გვიყვება ამბავს, არამედ გვაჩვენებს მას. ის დეტალების ჩამოთვლით ("ლისტ პოემის" მეთოდით) გვიხატავს ყოველდღიური ცხოვრების ორ მხარეს: რთულ და დაღლილ გზას სამსახურისკენ და თბილ, უსაფრთხო თავშესაფარს სახლში. საბოლოო ჯამში, ლექსი გვეუბნება, რომ სირთულეების მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იპოვოს საკუთარი "დომინიონი," ადგილი, სადაც სიმშვიდეს და ბედნიერებას ვიპოვით.

მადლობა გიორგი, ამ შესანიშნავი მინი რეცენზიისთვის

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი