ხმა ამოიღეთ, ქალებო!
#ლექსები ეს - თავიდან ეტიუდად ჩავიფიქრე: კონვენცია 8//7 (AAAA, BBBB., CCCC, EEEE, FFFF, GGGGGGGGOOG) საკმაოდ რთული დასაძლევი ფორმაა და კარგად ავარჯიშებს კალამს. თემა: ერთი ჩემივე, ცხრა წლის წინ გამოქვეყნებული სტატია შემხვდა (ნინო დარბაისელი, ჩემმა ქმარმა სიყვარულით ბარ-საკვეთითა მცემაო”, გ. 24 საათი, 2014, 15 ნოემბერი) და ის გავრითმე. რას არ გაგაკეთებინებს უსაქმურობა! ეს იმ შემთხვევათაგანია, ბოლოს რომ ლექსად მომეწონა. ნინო დარბაისელი ხმა ამოიღეთ, ქალებო! ქალობა - უცნაურობა, კაცობა - გასაკვირი. აწ ჩავლილ სიყვარულებზე არ ითქმებაო ძვირი, არადა, გამახსენდება და სიჩუმეში ვტირი… როგორი იყო?! -გინახავთ სადმე ფრთიანი ვირი? მეუბნებოდა: - გუშინდელს ნუ გამახსენებ, რადგან ის ჩავლილია, წარსული, ახლა სხვა ჟამი დადგა, რა საყვედურებს ახვავებ, ერთიც არ მახსოვს მათგან, რამე წაგართვი, მომხედე! აბა, რა გამომადგა! - მთვრალს რაზე ებაასები, ცოტა გონებას უხმე, რა გიპასუხოს უგონომ, მარტო “ახ, მე “და “უხ, მე?” რა გითხრას, მთვრალი რად დადის სადაგია თუ უქმე? შენი ბრალია! არ გიყვარს, გული შენ გადაუხმე!” - მეუბნებოდნენ ყოველმხრივ. საქართველოა ესო, ჩვენში აქ, ქალის ხვედრია ასე - საუკეთესო, შეხედე, იმათ, არგამძლებთ, თავს რა გაუკეთესო. კაცმა ბოროტი მოგაგო?! სიკეთე უნდა თესო! ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი. გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი, ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი ვყოფილვარ, იმ დროს ვის ჰქონდა საყლაპად სუბოტექსი? ვშიშობდი, ხმა არ დამეძრა, ვაითუ მოვეკალი, ამას, რას ვამბობ?! გავგიჟდი? პირი მაქვს მოსაკალი! მე თავს ვუშველე, გამოვდექ ჩემივე მაჭანკალი. რა გიკვირთ, დღემდე ასეა ჩვენში მრავალი ქალი! სუფრა სხვას ხვდება, გერგებათ ვიღაცის ნასუფრალი? კაცი თუ გედიდგულებათ, ფხიზელია თუ მთვრალი, დე, გახდეს ყველა საოხრე - წინასწარ ნაოხრალი, ენებიც რომ დაგიღერონ, რვალივით ნახურვალი, ნუ გაჩუმდებით, გეძახონ გიჟი და ენამყრალი! ტაძრადშობილი გახდებით ვიდრემდე ნასაყდრალი, ვიდრემდე ჩამოინგრევით, ვით ძველი კათედრალი, ვიდრე გამოგწვავთ სირცხვილი - ეს ცეცხლი ჩაუმქრალი, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ქალებო, დაიმახსოვრეთ, თქვენ არ მიგიძღვით ბრალი! P.S. *ფრთიანი ვირი - ბურაქი ანუ ზოგჯერ ალ ბურაქი, (ინგლ, გამოთქმა) , რომელსაც იცნობს ყურანი, მუჰამედის მოგზაურობის ერთი მცირე ეპიზოდით. მასზე გაცილებით ადრე ფრთიან ვირს იცნობს ინდური კულტურა. ილუსტრაცია - ტაჯ მაჰალის ტაძრის მხატვრობის ფოტო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი