პატარა კახი, ივერიული, დიდი საგანი -3 ლექსი ერეკლე მეფეზე
#ლექსები მიხარია ძეგლის ამბავი. ერეკლეზე კიდევ მაქვს ლექსები. თუ ვიპოვე, დავამატებ ნინო დარბაისელი პატარა კახი წკიპზე შემდგარი გველის ჩახმახი, ჭირი მრავალი - ჩვენზეა ახი! ოციათასი კაცი, ჩარდახი იდგა, ესვენა პატარა კახი... სასახლეს - თავი ჰქონდა ახდილი, გმინავდა ერი ომგადახდილი, გვემა და ზარი იდგა ნამდვილი და ცახცახებდა თალხი მანდილი. კრწანისის ჯავრმა ბერი დაღარა, ჭაღარა მიწყივ ბრძოლამ დაღალა, ვეღარ გაუწვდა დავლა და ღალა, არც მეომარი ჰყავდა აღარა. ხუთიათასიც რომ ვერ შეყარა! დახოცილები - ველად ეყარა. რარიგად ბრუნავს ცხოვრების ჩარხი! ერთად მეფობდნენ თოვლი და თალხი, თვემდე ესვენა ის დასამარხი და ოთხჯერ მეტი გლოვობდა ხალხი. რით მივაყუჩო ახლა რაციო! (რაციო, გული არ გააციო!) - რომ დაეძახათ,,ქუდზე კაციო!” გინდათ, დამიდეთ სანაძლეო და ოცი ათასი გაიბნეოდა. ,, მხდალი არა ღირს დასაბადადო?!” გაგვიგონია. გვაქვს გამოცდილი: სხვაა - სიკვდილად თავი გადადო, სხვა - სხვისი, თუნდაც მეფის სიკვდილი. გულში ცრემლები რაღად გროვდება, თუ ცოდნა ესე, გულგასაგმირი სამარადისოდ გვამახსოვრდება, როგორღა ჩნდება ამქვეყნად გმირი! - - - ნინო დარბაისელი ივერიული დავდივარ დედამიწაზე მეც ერთი მრავალთაგანი, სასახლეები, მღვიმენი, ატრიუმები, ბაგანი შემოვიარე, დავზომე რისი სიგრძე და რა განი, ბევრიც გავიგე, ვიამბე ლეგენდანი და საგანი. აღვირით ბედი მიჭირავს, ოდესღაც ჩემგან ნაგანი, მეც რომ მრავალჯერ მანატრა თოკი, აბი თუ ნაგანი; ვინ რა გაიგოს, რაღაა ჩემი მოწყენის საგანი! თავზევით - ზეცის თაღები, წინ ოკეანე - მღელავი, ქვიშას - ასველებს ტალღები, მე - სევდა მოუხელავი: - იცით, შორს ერთი მუხაა, მუმლიც მრავალჯერ ეხვია, საუკუნეებს გაუძლო, არც ასცდენია მეხია, ყოველი ზედ დასტეხია, ზეცაც - თავს ჩამოეხია. ვერაფერს გაუტეხია, ფესვებით გულს ჩაგრეხია. მუხასთან, ზემოთ, გალავნით გარშემორტყმული ეზოა, ქართველს იქ, შიგნით ეგულვის, თუ რამ საუკეთესოა. ერთი პატარა სახლია - პატარა საძინებლითა, თურმე დარბაზად უხმობდნენ, მე გული შემომეფლითა. იქ დაიბადა ერეკლე და იქვე აღესრულაო, იმდენი აჩნდა ნახმლევი, იმდენჯერ დაისრულაო, თქვეს, “ტანი ნაიარევით დაფარულ აქუნდა სრულაო”. გზას მიუყვება ყარიბი, თავს ნაღვლიანად ხრისაო, ვერ გაუგია ამბავი საწუთროს სიოხრისაო, ზოგს სხვისა ძირზე ახარებს, ზოგს - ძირით ამოთხრისაო. სად წაიყვანო სადაურს? - ფიქრობს ივერთა მხრისაო. შორით ეგულვის მამული, გულს დარდი დაუხრისაო, იტყვის, რაც არის, ეს არის, ტყვიას ვინ დაიხლისაო! წარსულის ტკივილს დაჯაბნის ლოდინი სიახლისაო. ოკეანესაც გასწვდება ყივილი ამ სისხლისაო: - მომაგონდები თელავო, ჟამთაგან გაუთელავო, გულით - ვეებერთელავო, სიპატარავევ - დიადი ერეკლეს სასახლისაო! - - - - ნინო დარბაისელი დიდი საგანი სისხლის, ოფლის და ცრემლის თავსხმაში, გადაღებას რომ არ უჩანს პირი, როცა მამები მიდიან და იგვიანებენ, ან აღარასდროს ბრუნდებიან, გზაზე მიმავალ დედაბერს როცა ვიღაცეები დაუხვდებიან და გასართობად ნამუსს ახდიან და ზედ არც-კი წააფარებენ; როცა დედები ექიმბაშებთან მიდიან და წამობზეკილ მუცელს იშლიან, გაჩენილებს კი შიშის ზაფრვით უცქერენ და დაძინებულს ფეხაკრეფით შუბლზე კოცნიან, გაღვიძებულზე მოფერებამ არ გაგვირყვნას და გაგვიჩვილოსო, დრო არის მაშინ! ზუსტი დრო არის ქვეყნისთვის თავგანწირულთა, ქვეყნისთვის მკვდართა ანუ ქვეყნისთვის მარადცოცხალთა გამოსაჩენად. გმირების დროა! იქნებ გგონიათ, ამქვეყნად ვინმე, ვინც გმირად ვიცით, მართლა ცდილობდა, ემზადებოდა გმირობისათვის? ასეთი - ერთი გეხსომებათ - სახემწუხარე ის რაინდი, სანჩოთი და დულცინეათი, ცრემლიანს რომ გიცინიათ, მუცლის პრესის ატკიებამე. სხვაფრივ კი აბა, რახანი არის თავქვე ჰკიდია მოწყენილი - გმირის დამბადი დიდი საგანი და ვინც ძალიან ემზადება, ამ მზადებაში ყოფასაც გალევს, წავა იმქვეყნად აქ - გმირობაჩაუდენელი. გმირულად მკვდარი - განა ყველა გმირად იქცევა? ეს - სხვა რამეა, ეს - დაკვეთაა ერის, ხალხის, ხელისუფლების… უნდა დასჭირდეს შენი ნათელი მაგალითი, უნდა მოუნდეს ვინმე ძლიერს, ვინმე ღონიერს და შორსმჭვრეტელს… გახსოვთ კრეონტი? ანტიგონე არ გაგახსენდათ? და განა ბევრი განასხვავებს გმირულად მკვდარს და გმირულად ცოცხალს! იქნებ ცოცხალი მეტობს კიდეც, რადგან სიკვდილი - მაინც აქტია ერთჯერადი, ხოლო სიცოცხლე პროცესია, ანუ აქტთა უსასრულო ერთობლობა, რომლის ბოლოშიც სიკვდილია გარდაუვალი. გმირების დროა! და არა მხოლოდ განსაცდელი დაუგეგმავი, მშვიდი დროებიც ბადებენ გმირებს, ოღონდ ესაა, ჭანგმოდებულად უსუქდებათ კაცი გმირად დაბადებული, წყლის ბიდონივით მოჯაყჯაყე ღიპს რომ ძლივს-ღა მიეზიდება, ღაბაბი ნიკაპს რომ უჭედავს, კისერი გვერდზე თუ მიიბრუნა. უქმად ჩამოჰლევს სიცოცხლეს და უქმადაც კვდება და არავისაც არ უკვდება, გარდა იმისა, ვინც პირადად ეხუტებოდა. ყოველი გმირი - არშემდგარი - თავსა უკვდება, თავისიანს; მხოლოდ მცირედი მცირეთა შორის - ერს მოუკვდება, რომ ნედლი სისხლით დაარწყულოს, მარადიულად მწყურვალე იგი! დაბერებული პატარა კახი - ნახანჯლარი, წყალმანკიანი, ვისღა მოუკვდა?! რაა სიკვდილი, ცხელი გული თუ გაცივდება, მირონის მადლი სვეტად თუკი არ ადის ცაში, ანდა გოდება თუ მიწიდან ცამდე არ ადის?! მხცოვანი კახი ერსა თვისა მოუკვდა მაშინ, მოუკვდა, ანუ საქართველოსთვის ცოცხლობს მარადის! გმირების დროა! დროა გმირების, მტერთა გულის გასაგმირების! მაგრამ გამოჩნდა, აბა, სადმე იმ გმირთაგანი? - თავჩაქინდრულა გმირის დამბადი დიდი საგანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი