ჩვენიანი რომელია
#ლექსები ნინო დარბაისელი ჩვენიანი რომელია უფროსები კინოში რომ წამიყვანდნენ, რაკი ენა არ მესმოდა, ვკითხულობდი: - რაო, რა თქვა? მპასუხობდნენ: - ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით… - აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!” უპასუხოს სიბნელეში ბევრჯერ თვლემაც მომერია. კვლავ ვკითხულობ: - რაო, რა თქვა? მპასუხობენ, თითქოს კიდეც მომელიან: - ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით. - აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია! ყოფა ადამიანისა - წრიულია. რითაც ვიწყებთ, იქ ვბრუნდებით, გულიც ჩვენი - სულ პასუხის მნდომელია, და არც შეუცდომელია. ვინმეს უსმენ?! - სულ სხვა ტყუის, თვითონ?! - სხვაზე მართალია და ფიქრშეუწვდომელია. ისე ჩამთვლემს სამუდამოდ, ვერც გავიგებ: - ჩვენიანი - რომელია? ჩვენიანი?! - ნიშნავს წრფელს და ნიშნავს კეთილს, გასამარჯვებს, რადგან ჩვენი ტომელია. ანუ ნიშნავს ისეთს, თავი რომ გვგონია და ვკითხულობთ, როგორც ბავშვი - სიბნელეში: -ჩვენიანი რომელია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი