დატირება ჰიპათია ალექსანდრიელისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

დატირება ჰიპათია ალექსანდრიელისა

ბრბო თუ მძლავრობს, იპყრობს ცოფი,
ისეთია, ვით ღვარცოფი,
რაღა დროა პაექრობის,
მისნობის ან სიბრძნის ფლობის,
თუ მოგადგნენ გზად მიმავალს,
მოერევი ასე მრავალს,
ქვით, მახვილით რომ გამორბის?!
შენ ვინ მოგცა ძალა ორბის!
დაგინდობენ, ქალობისთვის მომდებელნი ძალად ობის,
ქალო - მსხვერპლო ძალადობის?
შეგიპყრობენ -  ტყავს გაცლიან, 
სიტყვას აღარ დაგაცლიან…
ბრაზი - აღარ დაიცალა.
შენ -  ენა და  იმათ - ძალა.
დასაკვეხი -   იმათია!
იძახოდნენ ”ცოდნა?!- ცოდვა!”
ქალია და ბადა - ბოდვა,
ქალი  მცოდნე?! - კი, ბატია!”
ქალი მცოდნე?! - ხიფათია!
 ჩვენ - ბევრნი ვართ,
ის -ერთია, არ დაგვითმობს, ისეთია!
ასაცლელი სიფათია…
სისხლისმსმელი  ხარობს, როცა
სამისოა შანსიც,  დროცა,
უნდა მთელი ქვეყნის მოცვა, 
უფლისადმი ყალბად ლოცვა
ეპატია? 
იპატია?
მარმარილოს ნანგრევებში ქარი სტვენს და ისმის ექო, ჰიპათია.

 ჰიპათიააააა!

- - 
*ქალი - ფილოსოფოსი, მათემატიკოსი,  მასწავლებელი, ორატორი - ინტექტუალი,  გაბრბოვებულ მოძალადეთა მიერ, ქრისტეს სახელით, წამებით მოკლული (ჩვ .წ. 415 წელს).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი