აბდაუბდები. ზოგი - დიდი და ზოგი - პატარა


ნინო დარბაისელი

აბდაუბდები. ზოგი - დიდი და ზოგი - პატარა


მოდი, მოვყვები  იმ რაღაცაზე,
შიშით სიყვარულს  რომ ვერც  ვარქმევდით,
მოვყვები, როგორ ვიგონებდით აბდაუბდობებს  და  ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,
სხვა დანარჩენი -  დანარჩენების სიყვარულს ჰგავდა,  
ზოგის - მეტად და ზოგისას - მცირედ.
რაც საწყვილოა - არაფერი არ დაჰკლებია.
ის გახსოვს- მეთქი -  
ჩვენი საერთო აბდაუბდები?

- იცი, ხეები - სულ თავიდან  ჩიტები იყვნენ, 
ზოგი - დიდი და ზოგი - პატარა.
მერე ბრჭყალებით დედამიწას ჩაებღაუჭნენ, 
ჩაეზარდნენ,
ბრჭყალები ფესვად გადაექცათ, 
შემოდგომობით, 
 ქარის ქროლაზე ფრთა- ტოტებიდან ბუმბულები სცვივათ ხოლმე ფოთლად ქცეული.

 - არა, ჩიტები სულ თავიდან ხეები იყვნენ,
 ზოგი დიდი, ზოგი - პატარა.
 მიწას ამოსწყდნენ ცისკენ ცქერით გატანჯულები, 
ფესვები კლანჭად გადაექცათ,
ტოტები - ფრთებად.
შეჰკრეს კამარა და გადმოხედეს დედამიწას
და ვისაც როგორ მოუხერხდა, 
ზოგმა მწვერვალზე, ზოგმა ქვაზე და ზოგმაც ტოტზე ჩამოისვენა.

- იცი, ჩვენ ადრე აჩრდილები ვიყავით,
ოღონდ
ზოგი - დიდი და ზოგი - პატარა. 
მერე მოგვწყინდა აჩრდილობა და  ჩრდილებად გადავიქეცით, 
ვეფინებოდით  მთა-ველებს და წყლებს და ხეებს, 
 მოძრავსა და უძრავს,
ხან ვიზრდებიდით, ხან ვილეოდით, 
ოცნებები კი  ფერადი გვქონდა.
მერე ჩრდილობაც მოგვეწყინა.
ერთხელ ჩვენს თავებს ავუხდით და ავუცხადდით,
გადავფერადდით,  
იმად ვიქეცით, რაზეც მუდამ თვალი გვრჩებოდა და სხვა ჩრდილები - ფეხქვეშ გავიგდეთ.

ხის ტოტზე - ჩიტი,
ხისქვეშ - ბალახზე -
 - ფერადი წყვილი
აყურადებდა  ჩიტის გალობას.

მერე ორივე  გამოვჭკვიანდით,
და ვერც გავიგეთ, 
ამასობაში როგორ დავკარგეთ ეს საერთო აბდაუბდობა 
და ერთმანეთიც დაგვეკარგა ამასობაში...
აღარც არასდროს გვიპოვია,
ვეღარც ვიპოვით, 
რადგან რაიმე რომ იპოვო -  ჯერ ქვეყნად უნდა არსებობდეს.
რაც საკენტოა -  არაფერი არ დამკლებია.

და მე ვიგონებ:
- იცი, ჩვენ ადრე ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი