ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთო
#ლექსები ნინო დარბაისელი (პრინცესა ირინე ბაგრატიონის ხსოვნას) ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთო ეს მერამდენე ზაფხულია, ულეღვოდ გამდის… გაზაფხულებიც მოვილიე ბევრი უთუთო. მე მენატრება “ჩაკრულოს” ხმა, ასული ცამდის, ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთო. ზედა ქუთუთო - ეს ნიშანი სამეფო სისხლის, ვისაც არ მოსდგამს, თავს ნუ იტყვის ბაგრატიონად! საქართველოის მყვარებელთა, ყოველი მისხლის, ბრძოლა სისხლში აქვთ, ერეკლემაც მაგრად იომა! საქართველოში ქუთუთოებს მონგოლოიდურს, ცეცხლიც მოსდგამდეს მის ქვეშ მბრუნავ მშვენიერ თვალებს, თვით ასეთი მაქვს, ვით შევკადრებ რამე საყვედურს. ხიბლი აქვს, მაგრამ მეფურობას ნუ დაიბრალებს! შეხედეთ ხატებს, წინაპართა დატოვებულებს, ფრესკებს შეხედეთ, დაუკვირდით, რას ვამბობ ახალს! ზედა ქუთუთო - მათ სხვა რამეს ავალდებულებს არ შეგინიშნავთ? გაიხსენოს, ვისაც უნახავს! რაო, ცხვირიო?! - თხელი. კაცებს - ოდნავი კეხი, ქალებს - ნაკლებად, ნესტოთხელი მოსდგამდათ იგი. ამ ცხვირში ჩანდა ხასიათი მათი უტეხი, და რომ ეწერათ, ყოფილიყვნენ ქვეყნის ტარიგი. მოშორებულმა, ქვეყნის ბოლოს გადაკარგულმა, მე გენეტიკურ ამ ნიშანზე რად მივუთითო? და მაინც არის ბევრი, რაიც ვერ დასთმო გულმა, მე თვითონ მიკვირს, რამდენია ეს თითო-თითო რაღაც ქართული, რაღაც მძიმე, სახასიათო - ..ბაგრატიონთა განიერი ზედა ქუთუთო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი