სულელების ხომალდი. ბოსხი
ნინო დარბაისელი სულელების ხომალდი. ბოსხი სულელების ხომალდი, კაპიტანიც - სულელი, ნამთვრალევნი, ხომლამდი ყირას გადასულები! გზა მთვარემდე პგონიათ ნიჩბის ერთი მოსმა, ნების თავისუფლება - ზედ გემბანზე მოფსმა, ღრიანცელში სჩვევიათ ცეცხლზე ზეთის მოსხმა. სულაც არ ენაღვლებათ ის, რაც იცის ბოსხმა, რაც შორეულ ანტიკას ჩაესახა საშოში: არის ძალზე საშიში ბრძენის მასხრად აგდება. ამ აგდებით ქვეყანა ბრიყვებით მარაგდება. შუა ზღვაში ბრიყვობა არის ნამეტანი, დააშორო ერთმანეთს, ვით თავი და ტანი, ხომალდი და იმისი ბრძენი კაპიტანი. ტვინის ერთი ნასახიც არ ემჩნევათ ლუპით, საჭმელ-სასმელს დააცხრნენ, ნთქამენ ყლაპა- ყლუპით, მერე - ვეღარ უშველით ცრემლის ღაპაღუპი, სულელების ხომალდი არის დასაღუპი! მაგრამ მეტისმეტადაც ნუ დაგწყდებათ გული. - უკვე დაღუპულია და ხავსმოდებული ხმელეთზეა ხომალდი სადღაც მიგდებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი