დედას. ქვეყანაა არეული


#ლექსები
ნინო დარბაისელი

დედას. ქვეყანაა არეული


ქვეყანაა არეული.
მინისტრი და მზარეული
ერთმანეთზე იწევს.

დედი,  გარეთ არ გახვიდე, 
შარი გვინდა ახლა კიდევ?!
გირჩევნია იწვე.

ეს არ არის საქართველო, 
თვალი აღარ დაისველო, 
ყველგან მეფობს ავი,

ბრმაა ერი, ბრმაა ტყვია,
კვალი ყველგან დაუტყვია,
თავის დანაკრავი.

დედი, შენი დარდი დამხრავს.
სადაც წავალ, სულ თან მახლავს,
ფიქრი შენადედი.

უკვე აღარ გაირჩევა,
ვინ მტერია და ვის - ჩვევა
ძალავს,  იყოს ყბედი.

საქართველო - გარდაქარდა,
მსოფლიოსთან  - რკინის ფარდა 
ერგო, ესეც ბედი!

ახლა თუკი გადარჩება,  
დაშლილისგან რა დარჩება?!
 ამის მეათედი!

სიბერეა -  ლუკმა მწარე,
რაკი გერგო მისი არე, 
რაკი მიუხვედი,

ხიფათს  - თავი მოარიდე!
ვიცი, ნავსის ეს სიდიდე
გულზე გიჭერს -  ღვედი!
 
შინ - საგები ვერ აგია?
გარეთ - ბევრი  ვერაგია!
 რისკი - უცაბედი.

გევედრები, 
ეს დღეები
არსად,
არსად
არ გახვიდე, დედი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი