ტანგო
#ლექსები ნინო დარბაისელი ტანგო რაც მაგიდებზე დარჩა, ჩანდა ღვინოდ თუ ბრენდად, თავი ვინ გაიჩარჩა? შემთვრალი - ცაში ფრენდა. წყვილად შემორჩნენ ვითომ კორპორაციულ სადილს, ფიქრობდა ცალკე, თითო: “აბა, სად - მე და სად - ის!” უკაცრიელი არე ტყისპირთან იყო ახლო, კაცმა მანქანის კარი გაუღო, ხელი ახლო. ქალს - შინ ელოდა ქმარი, კაცს - ახალგაზრდა ცოლი. მოსახმარ-მოუხმარი ოჯახი - გულზე მწოლი. ხვალ ერთმანეთის ნახვა არცერთს არ ჰქონდა მიზნად, არანაირი ზრახვა, ვიღაცის სხვენში ხიზვნა. უბრალოდ, მანქანაში ჰანგი ისმოდა ძველი, აეშვა ვნების რაში, ვერ დაიჭერდა მცველი. უბრალოდ, ღამით წვიმდა, ცეკვა მოუნდათ, ვალსი. ქალი არ ჰგავდა წმინდანს, არც კაცი დარჩა ვალში. მერე ვალსს მიჰყვა ტანგო, (დღეს ვინ-ღა ცეკვავს ასე!) შენი ბრალია, ჰანგო, წყვილი რომ ცეკვავს გზაზე. სხვაა იერი ქუჩის - ჩაღვრილის, ჩარეცხილის, წარმავალობის ურჩი - როდესაც ცეკვავს წყვილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი