წკენტები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

წკენტები

წყვილმა  ჩამოარა ფეხით,  არა “ნისანით”.
იქნებოდნენ ორივე  ასე, ოცი წლისანი.
რაღაც ლუკმას იყოფდნენ,
 რის  - ჭიქა და რა - თეფში!
გოგო - კარგად ჩაცმული - სადღაც, მეორადებში.
 უღიმოდნენ ერთმანეთს, როგორც ძველ სურათებში.
ბნელისაკენ იწევდნენ, სადმე, გაუნათებში.

ბიჭის  ფეხსაცმელია მუდამ ბევრის მეტყველი,
( “ჩემი? არ მოგერგება, კალოტკა მაქვს მე ბრტყელი”)

 მიმავალებს  ბინდ-ბუნდში წინ დაუხვდათ ხარო და
ზედ სიცილით გადახტნენ, ნეტა რა უხაროდათ!

ყვავის დამებს აეწვათ გაუშლელი კერტები.
მე არ ვიმჩნევ არაფერს, ვითომც არც ვაცქერდები.
ესეც  - დამა-ვალეტი,  ჯერჯერობით წკენტები,
წყვილმა ჩამოიარა. შენატროდნენ კენტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი