ცეცხლი. სავონაროლა


Lia kuxianidze     

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ცეცხლი. სავონაროლა
(ლია კუხიანიძეს)

    (სავონაროლამ ფლორენციელებს ქუჩაში დააწვევინა ხელოვნების ქმნილებანი, ერესიაო. გავიდა დრო და  რაკი ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველმა ვერ გაიარა, ბოლოს თვითონვე დაწვეს კოცონზე.

“არული კუდიანებს!”- ცისფერყანწელთა მანიფესტიდან)

არული და არული, კუდიანებს არული!-
- ამბავია მართალი, არა რამ  მოარული.
ხელოვნებას  მოედო მოთხოვნა მიქარული,
მჭვარტლის  შავი ფთილების გაქროლება ქარული,
მტერი - გახარებული, შეძრული - მოყვარული,
ღამე - განათებული. ვის ეკაროს რა რული!
უცხო ხარობს,  შინაურს ცრემლი დასდის ღვარული.
ამბობს დომინიკელი: - შემცდარა სიყვარული.
უკვე გამჟღავნებულა ზრახვები დაფარული.
დაამარცხებს მეფესაც ნება უძლიერესი,
ცეცხლითა და მახვილით განიგმიროს ერესი!

(ხელოვნება არსითვე -  მარად არის ერესი,
მაგრამ როცა ეხები, ხარ უბედნიერესი).

“დიდ საქმეში  ჩარევა საქმეაო მეტიჩრის,
თავში რაც  მათ  ჭკუა აქვთ, იმდენი მაქვს მე თითში,
რა ტყუილად ირჯება მთელი კარი მედიჩის!”

რა ამბები, იგავნი, რა - დვირესი, რა  - ხიწვის
რაღა დროის კდემაო?!
თვით ნაცრდება და იწვის,
მსხვერპლი უყვარს მყარიც ვის,
- მარმარილო არ იწვის - 
- თქვა კარერას  კლდემაო,
- ქვას - არ უყვარს გდებაო,
ქანდაკება - შავდება,
მარმარილო  -  იმტვრევა,
მარმარილო  სკდებაო.

იწვის ფლორენციაო,
ცეცხლმა დააქციაო,
ქალღმერთს  ნათალს  შიშისგან ქვაშიც  შეაციაო,
ვინც ცეცხლს რამეს უკეთებს,
მარჯვე თუ ცაციაო,
იცის ოდენ განგებამ,
იგი რა კაციაო.
“არული კუდიანებს”,
ბრძოლა ბოროტებასთან  - მეღირსაო რა როლად, 
მტკიცობს სავონაროლა!
მძლავრობს სავონაროლა!

კარღიაა ტაძარი,
მრევლი თუკი დაძარი.
ხან ძალგაცლა,  ხან - ძალი,
მოგიზგიზე ხანძარი.

ყველას უწევს ნათქვამზე ბოლოს პასუხგებაო,
ანთებულ ნაკვერჩხლებზე ფეხით ვინ შედგებაო?!

ცეცხლის მომკიდებელნი - ცეცხლით წარიხოცონო,
ყველამ ზურგი აქციოს,
ლანძღონ, არ აკოცონო,
აბრიალდი კოცონო,
აბრიალდი კოცონო!

არული და არული,
საბოლოო არული.
ალთა სიავით რბოლა,
იწვის სავონაროლა.
კვდება სავონაროლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი