ელადა. ათენი
#ლექსები ნინო დარბაისელი ელადა. ათენი თეთრი მარმარილოს ქუჩა რამდენია, ძალით დაჩორკნილი, რომ არ მოსრიალდე! მათზე სიარულში ცრემლიც დამდენია. შორი მოგზაური მიველ ათენამდე. ფერადი კენჭებით მოფიანდაგებული ირგვლივ ტაძრებია, ტაძრის ნარჩენები, ურმით მონაზიდი ქვებით აგებული, მერე დანგრეული, ღვთით შენაჩვენები. ელადა, ელადა, მოსვლა მეძნელა და რა გნახე, ვთქვი, რომი შენთან - ნამცეცია. ელადა , ელადა, შენი ცა ელავდა, ყველგან აღმართია, ყველგან - დამრეცია, რადგან აკროპოლისს - მთის წვერზე აგებდი, ძირს - ნეკროპოლისი, შუაში - აგორაც, ქალაქს აკვადუკის წყლით ამარაგებდი, ბრძოლამ დაანგრია, მშვიდობამ აგო რაც. ამ გზაზე სოკრატეს რამდენი უვლია, სადღაც, ლეღვის ძირში მჯდარაო პლატონი. თეთრი მარმარილოს გზა გალეულია, ვიდოდნენ ბაასით, წყვილად ან მარტონი. უსმენ ამ ზღაპრებს და გინდა დაიჯერო რაღაც არაკები, გიდთა თქმულებანი, აქ - ლანდი ბრძენკაცის ნახეს მრავალჯერო, ბრმამ ბნელში აჟღერა ქნარი თუ ებანი. უცხვიროს, უხელოს უცქერ ქანდაკებებს, ყველგან მარმარილოს ყრია ნატეხები… ისევ მეძავებზე? ღიმილს მოგაგებებს გიდი. მეძავების თემას რად ეხები სადაც კი მიდიხარ, მათ კვალს რად აწყდები? მკვდრებს?! - წვავდნენ, ოჯახის წევრები არ ჰყავდნენ, ზოგან ათასობით სახლობდნენ საწყლები, დამარხვით?! - იმათგან ცოტას დამარხავდნენ. რა უნდა მეზღვაურს, ზღვაში ნაქანავებს, ხმელამდე მოღწეულს? - ქალი და საჭმელი, სულ თვინიერები მოჰყავთ განა ნავებს, მათში მრავალია ასოდასაჭრელი, ზოგიც უყვარდებათ, ქალური წესია, მოვალეობაში გრძნობების არევა, გიხდიან? აიღე, რაც უკეთესია, ლოდინით შეშლილი - ბევრი იარება. ელადა, ელადა, ისევ მომელანდა რაღაც, შორეული და გაუგებარი. ფიქრებს გამომხსენი, გამიშვი მე, ანდა მომეცი წამალი სულის - უებარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი