ბეწვის ხიდისა (გიორგი ლობჟანიძეს)


#ლექსები

ნინო დარბაისელი
ბეწვის ხიდისა 

(გიორგი ლობჟანიძეს)

ფეხმძიმე ქალზე გამიგონია, 
სიკვდილ-სიცოცხლეს შუა ერთი ბეწვის ხიდია,
მშობიარობა - 
- იმ ბეწვის ხიდზე იმხელა მუცლით ზედ გავლააო. 
მერე ბებრები დააყოლებდნენ,
შენთვის მშვიდობით ფეხის მორთხმა  მოგველოცოსი.
ვისაც უნდა, ჩემი ნათქვამი სიტყვა იწყინოს, 
ქალობისა სინამდვილეში არა იცის რა,
ვისაც შვილი ერთხელაც არ გაუჩენია.

ქალისა - ვიცი ბეწვის ხიდი, კაცისა კი მომკალით და,  არ გამეგონა
 და საერთოდაც,
მაღალი აზრის მე კაცებზე არასოდეს არა ვყოფილვარ.
მყავდა კაცები,
ვინც მიყვარდა
არა იმიტომ, რომ 
სხვა კაცებზე უკეთესობდნენ,
მე მივიჩნევდი უკეთესად,
ვიდრე მიყვარდა,
მივატოვებდი და კარგავდნენ 
ათასიდან ერთადერთობას 
და იქცეოდნენ 
ათასიდან  ერთ-ერთ მათგანად. 
და სულ ეს იყო მთელი ჩემი სასიყვარულო ფილოსოფია.

მეგობრები კი,
მეგობარი მამაკაცების მიტოვება არასოდეს არ შეიძლება.
რადგან ისინი  მარტოდმარტონი
არა უბრალოდ, 
გადადიან განუწყვეტლად ბეწვის ხიდებზე,
 კაჯეთის ციხის  მაღალ კედლამდე  არცთუ სანდოდ გადაჭიმულზე, 
არამედ კიდეც მუშაითობენ.

ძირს - 
უფსკრულია,
სიკვდილია,
შორიდან ხედავ,
უყურებ და ხმას არ გაიღებ,
უყურებ - დუმხარ!
ვაითუ ,,ფრთხილად, მეგობარო!”
რომ დაუძახო,
ისე დააფრთხო,  
მოიხედოს,
წონასწორობა დაეკარგოს,
გადაიჩეხოს!

“აქა ვარ, გესმის?!”
(დავკარგვივარ  ნეტა მეც ვისა!)
ო მეგობარო, შენი ცქერით  გული მეწვისა!
როგორ ქანაობს ეგ ოხერი ხიდი ბეწვისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი