ფიროსმანი. ღამენათევი ტურფები და მენიუები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფიროსმანი.  ღამენათევი ტურფები და მენიუები

    (იტალიაში  უცხოელებს  - იტალიურად  ელაპარაკებიან.  ბევრგან მენიუები - კედლებზეა ნახატებად, თითის მიშვერით ირჩევ. მე - ფიროსმანი გამახსენდა)

ძველ დუქანთა სტილს თბილისში ახლა  ვინმე იყენებს და
ხარობს? რა ვთქვა მანდაური?   ავყოლილვარ ბრიყვ ენებს და 
 სტუმარს -  ფუნიკოლიორი, ზოგ მათგანსაც რიყე ნებს და
საქეიფოდ მიდის.

მუდამ მრავალეროვანი გვქონდა დედაქალაქი და
მოდიოდა,  ვინც ვაჭრობდა, დაბაღობდა, ყანას მკიდა,
 გული ყველას გაუშალა, მრავალს  - ხსოვნად გაეკიდა.
სტუმრის მოსდგამს რიდი.

დაცხავდა და დაილია ჩვენი  წილი ჩით-მერდინი.
გაილია ასე უქმად ჩვენი ყოფაც  - თვითმედინი.
გავუძელით,  ვინ არ ვნახეთ, თვით ჯალალიც -  ის - ედინი.
ასე ხდება,   რომ გერგება, გზა იყო და  ჯვარედინი, 
ანდა იყო ხიდი!

შავ მუშამბას ჭიქა არყად სხვაც 
მრავალი  მოხატავდა.
მაგრამ დუქანს აზრიანი კაცი თუკი მართავდა,
დაკიდებდა  ფიროსმანის ნახატს სადმე,   დახლის თავთან, 
იზიდავდა კეთილთა და   არიდებდა ავ თვალთა,    
 გზად თუ  გაივლიდი.

ზედ ეხატა,  უცხო სტუმარს უხვდებოდნენ  რითი,
ენის ცოდნა რად გინდოდა,  მიგეშვირა თითი,
სულ ქართული პურმარილი, განა  ყავა-ბლითი, 
თეთრ სუფრაზე  გაჩნდებოდა, არ გეგონოთ მითი, 
თუ გადაიხდიდი.

აირჩიე: მრგვლად -  დედალი? ღვინო -  ქვევრის? დოში?
ცოცხალი თუ მწვადი? მწნილი?  - ლხინის სამეფოში
შემოსულხარ. ყველი?  მსხალი?  შოთი - განა თოში?
აემწამში,  შენ - ლოდინში არ აყარო ქოში,
მოვა მოსაზიდი!

 წამოგიშლის დარდებს, ისე კვნესის აქ დუდუკი.
ვინ დაეძებს, შენთვის ჩუმად  აცრემლდები თუკი, 
 წარსულიდან გაგახსენდა რამე უბადრუკი?
 იქნებ ერთი  შორეული,  ის გულდასახრუკი!
და  სიტყვები -  ფლიდი.

ტურფამ ერთი წაუტირა, ამოუჯდა გული,
ამოიღო ხელსახოცი, კუთხემოქარგული,
- იცით?! -  მე რა გოგო ვიყავ, დღეს ვარ დაკარგული,
მოსვენება?! -  ოთახია ფარდაგდაგებული,
საწოლს - გამოვცვლიდი…

ცაა ლურჯი - ფიროსმანის,  ათენდებათ თავზე.
ყარაჩოხლებს  ნიძლავი აქვთ, ცლიან ღვინის თასებს. 
სმაში მჯაბნი!  - ამბობს მთვრალი - ალბათ დავითარსე.
თამადა კი, თითქოს არც რა, ყანწს კვლავ ღვინით ავსებს.
ქეიფია დიდი!

ბევრი - არა! ერთი ჭაჭა, ჩარტყმით გამოცლილი,
სხვა რა გინდა!  მუშამბა და ფუნჯი - მსხვილი? წვრილი?
შვებას  ნატრობს საქმიანიც -  მუდამ არმოცლილი.
ბედის შეცვლას ნიშნავს ლხინში თეფში გამოცვლილი,
სხვისი ხელნაკიდი.

მუშტაიდის გრილი სიო და  მუშტრების ცილი,
შამფურებზე - მწვადი შხუის ხრეშმარილწაყრილი,
ლხინში მხარჯავს არ ეგონოს  ფული გადაყრილი,
ვინც სად ელის, დაელოდოს ცოლია თუ შვილი, 
უკვე აღარ გაირჩევა ბრძენი ან შეშლილი,
ქეიფია, მიდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი