რიჰარდ ვაგნერის გონდოლები ვენეციაში
ლექსები ამ ლექსის წაკითხვაზე კლასიკური მუსიკის ისტორიის არმცოდნენი ტყუილად მოცდებით. მაინც არ გაგეხსნებათ შინაარსი ბოლომდე. ვწერ ხოლმე ხანდახან ასეთ რაღაცეებს იმ იმედით, რომ მცოდნენი გაცილებით ბევრ რამეს იცნობენ და გაიხსენებენ ლექსით. ნინო დარბაისელი რიჰარდ ვაგნერის გონდოლები ვენეციაში დილაადრიან არხს გაუყვა წყვილი გონდოლა. (ამ ლანდის მიზეზს ქვეცნობიერში ვაგნე რის მერე!) დგას გაქვავებულ ხის ბოძებზე კვლავ ვენეცია, როგორაც მდგარა ვაგნერამდე, ვაგნერის მერე. ო, ვენეციას იმდენი აქვს გადანატანი, მისთვის ერთია ქონდრისკაცი ანდა ტიტანი, მკვდარი-მკვდარია, ცხედარია, გინდ მეტრის ტანი, უნდა პატრონი, თანწარმტანი, იყოს “ტრისტანი!” ჭირისუფალი რა წყნარია, შესაწყნარია! და მწუხარება გაშლილ ზღვაში ჩამდინარე არხის წყალია. ყველაზე უწინ სიბრძნე ესე ვინ აღიარა? მე - გახსენებამ ჟრუანტელად რად დამიარა? - “კომპოზიტორი კი არა და, ღმერთიც რომ იყოს, ვინც კი მოკვდება - - ყველა კვდება ადამიანად!” ვენეციაში აბორგებული გაჩერდა გული, - გერმანიაში რომ არ დატოვა კეთილმყოფელთა ცოლი, სატრფო თუ ვინმე, ისე; გაჩერდა გული, წლებმა ჩარეცხა ის სიხალისე და მთელი სიმწრეც წაიყოლია, დღეს სულერთია, სად ვინ გყოლია. ერთი კი არა, ცოდვა უნდა შეგინდონ ათი. შავმა გონდოლამ შავი, პრიალა თავდახურული შენი კუბო ჩაასრიალა, ხოლო ოჯახი უკან მოგდევს სხვა გონდოლათი. გადახურული გონდოლაა, როგორც ოთახი, შემზარავია დღეს ცელქური ხმაური მათი. -რა ღრუბლიანი ამინდია, თან მზიანია! ქარმა დაბეროს და ღრუბლები გარეკოს იმან - კათოლიკური ეკლესიის არ ისმის ზარი, ან სად წავიდა ის კოჭლი მნათე, ხომ გავუგზავნე მეამანათე, რას ელოდება, დარეკოს იმან - - საქმიანია ქვრივი კოსიმა! ო, რა შორია დადგმები და წარმოდგენები, ლოენგრინული ის ლანდები სულნაგვემები, გამარჯვებები ნაგემები, ვერნაგემები. ადრიატიკის ნავსადგურში დგანან გემები. გაჩუმდით მაინც, სხვა მენავენო, თებერვლის დილით რა გემღერებათ, ან რას მღერიხართ, როგორ მღერიხართ, რანაირი ხართ! და ესეც შენი ვენეცია, მიდიხარ, რიჰარდ! ეს რანაირად მიდიხარ რიჰაარდ, რიიჰაააარდ! ასე დასრულდა დრამა იგი მუსიკალური, მარადიულად რომ მოჩანდა მითი დროითი. თან მოგყვებოდნენ უხილავი ნიბელუნგები და მოგელოდა მარად შენი - ბაიროითი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი