ვია დოლოროზა და სიკვდილა სიცოცხლის საკითხავი
ნინო დარბაისელი ვია დოლოროზა (ლეგენდა ამბობს, გოლგოთაზე ამავალი ქრისტე წამით აჰასფერის სახლის კედელს მიეყრდნო, მან კი დასცინა - აქაურობა ნუ გამისისხლიანე, ჯვარცმიდან გამომიარეო! ქრისტემ დაწყევლა იგი, ბოლო სამსჯავრობდე ასე, ცოცხალმა იარეო. მერე სენ ჟერმენზე ამბობდნენ, აჰასფერიაო) იესო ღმერთო, ჭირთა მთმენო, შენზე ლეგენდათა აჰა, სფერო! ისევ ცოცხალი ხარ, სენ ჟერმენო?! დღემდე უფალს ელი, აჰასფერო?! ამბობენ გოლგოთაზე ამავალი შენი სახლის კედელს მიეყუდა. გითქვამს: - შენი რა მაქვს, აბა, ვალი? კედელი სულ სისხლშია, რჩება ყრუდა. მეფე ხარ? აღსდგები? გაიარე! წადი, აქვითინე კლდე- ლოდები! როცა გიხილავენ ნაიარევს, ჯვარცმიდან აღმდგარს გელოდები. აჰასფერ, უფლის დაწყევლილო, მას მერე მის მოსვლას მოელი და გინდა სენ ჟერმენს დაეწყვილო, გიცოდებ - არმცნობი - მომავლიდან! #ლექსები ნინო დარბაისელი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხავი (ხალხურს კილოზედ) ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ნეტა დედაა თუ მამა არი, ბოლომდე რად ამოგვადინა ლუკმა, აქ ყოფნით ნაამარი! თან რამე მაინც წაგვატანე, გვისტუმრებ სულ ხელცარიალებს. შავი მზე პირქვე დამხობილა, ქარიშხლიანი ცა რიალებს. სიცოცხლევ, ასე მოკლე რატომა ხარ, რაწამს დაიწყები - დაილევი. ტირილით მოსულებს - დაგვტირიან და გულზე გვაწყვია ყვავილები. ნეტა რიგს მაინც უყურებდეს, არც რას დაგიდევს და არც რას დასდევს. - ბებრებს იქ წასვლა ენატრებათ, შენ - რად დარევიხარ ახალგაზრდებს, ახალგაზრდებს! ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, სიცოცხლეც - შენი შვილი არი? სიკვდილო, შენი ჯერიც დადგეს, სადაც ჩვენ გვიშვებ, შენ იარე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი