პელიკანები
#ლექსები ნინო დარბაისელი პელიკანები “-შვიდ ბოძზე - შვიდი პელიკანი სასწაულია” ფიქრისთვის ხელი - ამ ღრუბლიან ცას წაუვლია: ო, დეიტონას სანაპირო - ვერცხლის ქვიშები, ვარ ნიჟარების ნამსხვრევებში ნავიშვიშები. აქ უთენია მდიდარ ბებრებს სდევენ შხვართები, ერთს შეხედავ და ინტრიგებში გაიხლართები. სუყველა კაცი გემი არის ოკეანეში, აბა, მითხარი, მარტო სადმე როგორ გამეშვი. არ იცის გემმა, რას უმზადებს ბედი მზაკვარი, აბნეული აქვს ხშირ შტორმებში მარტოს გზა-კვალი. თავის ასოს წვერს, როგორც კომპასს დამონებია. წინ - ანგელოზი, ხოლო ირგვლივ - დემონებია. კომპასს თუ მისდევს, ტყუილია ცდა და მხილება, ყური - ყრუვდება, თვალები კი არ ეხილება. დანახვა, ყნოსვა, უცხოს მიმართ აღძრული ვნება, იქ მიაქანებს, გემოვნებას დაემონება აღმგზნები ქალის, სამისოდ აქვს ხრიკი მრავალი: სხეული, პოზა, ენა, ჭკუა, ხმა, გასავალი, ჩაცმა-დახურვა, ქარიზმები, ხრიკები მისი…ქალი კი არა, მოსაწრუპი არის სასმისი, -გონარეული ფიქრობს კაცი, ბრიყვდება რაკი, ქალის ნათქვამი ეჯერება ყველა არაკი. და მერე ცოლი მიტოვებული ბალიშებს ალტობს ცრემლით და შვილებს ზრდის უმამოდ, ზრდის ასე, მარტო. მზა შვილებისა კარგად იცის მამიკომ ფასი, რა მოხდა, თუკი უბიძგებდა სხვისკენ კომპასი… ფიქრობდა მუდამ, რომ შვილები დაიზრდებიან, მიხედავს მერე, ერთიანად შეეცდებიან გადაივიწყონ წარსული და როგორაც ხდება, ბორტსმიღმა მუდამ აღმოჩნდება საწყალი დედა… სულ გაფრენილან ჩემი შავი პელიკანები, ძირს - ნამსხვრევები, ანდა ხილის ხმელი კანები, სანაპიროზე თავთან ასე ნაქაქანები მე ვარ დაღლილი - სასტუმროსკენ მივექანები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი