ოკეანურებიდან. პატრიოტული
#ლექსები ნინო დარბაისელი ოკეანურებიდან *** თქვა ოკეანემ: - ხალხს ახრჩობსო, ზოგი მიშარებს, ვერცხლის სილაში რომ აგროვებს ნატეხ ნიჟარებს. მე ზვიგენები, ვეშაპები მიყვარს დიდები. ცურვა არ იცი? - შენ თავადვე მომერიდები. ვინც ცურვა იცის, ან ჰგონია, მართლა ვიციო, არ მერიდება. ვინ ვინაა, მე სად ვიძიო? მეთამამება, დიდ ტალღებსაც არ ერიდება, და დაიხრჩობა, არ უშველის უფლის დიდება. რა უნდათ ჩემგან? ვინ მამაცი რას თავში იხლის! დილა სისხამზე თუკი კვალი დაგიხვდა სისხლის, იცოდე, წუხელ კვლავ ვიღაცის მზე დაიცერა! მასალა გინდა?! შეგიძლია ამაზე წერა. მე: - ო, მრისხანევ, ეგ ხმა ყურში მებუბუნება! მაინც ბოლომდე გაუხსნელი რად გაქვს ბუნება? სინამდვილეში არც დაეძებ, ვინ იღუპება, ქვეყნად სადაა ძალა, შენ რომ შეგსვას ყლუპებად. ეგღა გაკლია, ვინც რა გითხრას, მისი ასრულო. ჩემს სამშობლომდე მანძილი ხარ შენ უსასრულო. შენში მცხოვრებთა, ბინადართა, კეთილთა, ავთა შემფარებელო, შენ ხილულთა თუ უხილავთა, თვით - სამშობლო ხარ უამრავი წყალში მცურავის. მხოლოდ მანძილი ნუ ჰგონიხარ ქვეყნად ნურავის. ეჰ, არც კი მისმენს, ძველებურად მარტო ვარ, ვგონებ. ადამიანი - ოკეანეს - რას გააგონებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი