მეეეეეეე!
#ლექსები ნინო დარბაისელი მეეეეეეე! დიდედაჩემმა იცოდა ხოლმე, დილ-დილაობით კართან მოსული ბუტბუტით რომ ჯვარს გადამწერდა, დააყოლებდა, “ამ ჩემი ლოცვის მადლი და ძალი შეგეწიოსო”. პატარობისას ამ ძალისა მჯეროდა კიდეც, მერე და მერე უკვე გული მიწვრილდებოდა. დაბლა - ტოლები მოგელიან, ამოგძახიან, გაგვიანდებათ, ხოლო ეს ქალი არ დაიშლის, სიმშვიდით აგშლის, აუჩქარებლად ცრემლებს იწმენდს ბოლოთი თავშლის! ხელაპყრობილმა ადამიანმა ლოცვა-მუდარა უსასრულოდაც რომ აძლიეროს, ისე ილოცოს, რომ შუბლი ოფლით კი არა და სისხლის წვეთებით დაენამოს, სისხლის წვეთები ზედ მიწაზეც რომ ეცემოდეს, ევედროს მამას გეთსიმანიის ბაღში ეული, ეს სასმისი ამაცილეო, ოღონდაც ნება შენი იყოსო, ღმერთი ადგება და გადაწყვეტილს შეცვლის თავისას? თუ ერთადერთი ძე არ დაგინდო, რა აწამოს ადამიანმა? - რამდენიც გინდა, უთმე და უხმე, ეყმე და ენდე! ვინ აღარ ამბობს, დანარჩენები - გზას აცდენილან, ჩვენ - სამოთხეში მოგველიანო… კიდეც რომ მეთქვა, დამეფიცა, ან შენ ან ვინმე დამიჯერებდა, რომ სამოთხეში მეგულება ჩემი ადგილი? მე ერთადერთის იმედი მაქვს, - რომ რომელიმე ერთ უქმეზე, წმინდანთა საქმეს დაულეველს როცა მოილევ, მწყემსო კეთილო, მოიცლი და ჯოჯოხეთშიაც ჩამოიხედავ. და თუ შემთხვევით თვალი მომკარი, გაგიკვირდება ჩემი გულგრილი გამოხედვა, რომელიც ამბობს, მე სიცოცხლეში უარესიც მინახავს და გამომიცდია, აქ რითი უნდა გამაკვირვოთო? იქნებ, უბრალოდ, შეგიყვარე, მწყემსო კეთილო, როცა დავრწმუნდი, შენგან არაფერს უნდა ველოდო საპასუხოდ სიყვარულისთვის. ნუ გეწყინება! - თან არც იმისი არა მჯერა, რომ ჩემს ტკივილს რამეს გაუგებ. მანდ როგორ ხდება, არ ვიცი და დედამიწაზე უზარმაზარი ტკივილების გადამტანები სხვის პაწაწუნა სატკივარებს რას დაეძებენ! მწყემსო კეთილო, ფარა მოგბღავის, ნუ მიატოვებ საკუთრებას იმათ ხელში, ვინც ქირის ფასად გამეტებით კომბალს მოიქნევს,- ესა აქვს საქმე! მწყემსო კეთილო, მე ძეძვებში ვარ, ბატკანი ვარ, შენი მოწამე, დევნად არც ვღირვარ! რაღად მოგბღავი ავდარში აქ მე: -ღამეა, ღამე, ერთი პირი წყალსაც კი სძინავს… ოღონდ ხმა გამე, მითხარი რამე, ეს ტკივილები შენი შორი ხმით დამიამე, მომიხმე მეეეეეეეეეეეეეეე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი