პულოვერები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

პულოვერები

ერთი ჩვენი დიალოგი მახსოვს.
ვიზომებდით პულოვერებს ნაქსოვს.

შენ იყავი ალვასავით  ლაღი,
მე - დაბალი, როგორც  ვაშლის ბაღი.

მე გითხარი: - ყველაფერი გშვენის,
მშვენება ხარ მთელი უბნის ჩვენის.

-ეჰ, ასეა, ყველას ვსურვარ მუდამ, 
მაგრამ ცოლად “დამასედკა” უნდა.

ამ სიტყვებზე გადმომხედე ისე,
 უცნაური გრძნობით  გადავივსე.

თვალმა შენი ფოტო მომაწონა,
ლამაზი ხარ, გიშლის ცოტა წონა.

ვინ რა იცის, ვის რა ბედი ელის,
სხვაა  ცნობა საქმარშვილე წელის. 

გათხოვდი და გახდი ,,დამასედკა” 
ვაი, ჯაფას, რაც იმ დამას ედგა!

არც ვიცოდი, თურმე გვყავხარ ქვრივი,
ტკბილო ხილო, მზეზე ნაშაქრივით,

შვილიშვილით, შვილთაშვილით ხარობ,
გწერენ, მართლა ბედნიერი ხარო.

ჯამ-ჭურჭელის  შინ გაქვს რახარუხი,
ნამატს ფრთებით ფარავ -  დედა კრუხი.

თურაშაულს - ვერ აჯობებს პანტა,
მსოფლიოშიც   ბევრი გაგეფანტა.

“დარდს?!-  რა ვუყო, გულო,  ვერევიო.
ეჰ, სადღაა პულოვერებიო!”

 ნეტა იმ დროს, იმ კოკრების წვერებს,- 
- ვიზომებდით  ნაქსოვ პულოვერებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი