ხმა ნანგრევებში


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხმა ნანგრევებში

აშენდება უკეთესი სახლები და ქალაქები,
დაიგება უკეთესი ხიდები და გზები.
შვილო, რა ვქნა, ასე გელაპარაკები,
ბუტბუტით და   არა რამე გზნებით.

მე ამ ადგილს  რომ მოვშორდე, სად წავიდე?
ნეტა მოვკვდე,   დასანახად არ მსურს გარეშენი,
შენი ტოლი ირგვლივ  ვინმე დარჩა კიდევ,
რომ მოერგოს პულოვერი  შენი?

მკვდარი - აღარ გაცოცხლდები არასოდეს,
სხვას ყველაფერს  მერე ისევ ეშველება, მჯერა.
როგორ მინდა, არაფერი არ მახსოვდეს!
ვინც ცრემლები სისხლში გააჯერა,

ჩემი ცოდო იმას ედოს, არ ასცილდეს სამუდამოდ,
პირში ედგეს დღე და ღამე  სისხლის გემო, სუნი!
ეს სიმწარე ვინ რით უნდა დამიამოთ,
პასუხს ვეძებ, გარეთ გამოსული.

ჩემი შვილი  აქ  დაფაროს შავმა მიწამ,     ცოცხლად იყვნენ და უვნებლად,  ზემოთ, არსანდონი?
ვაჰ, ტკივილო, სად გაგექცე გულს რომ მიჭამ.
ერთ დღეს გაწყდეს ყველა ომის მნდომი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი