დებორა - ფუტკარი


ნინო დარბაისელი

დებორა - ფუტკარი

დავდივარ ტყეებში მე  ზამთარ-ზაფხული,
სიარულს რა სჯობს,
ხეებზე ჰკიდია თაფლით ავსებული
ფიჭები ბევრგან,
ვფრთხილობ, არ ვაბრაზებ  მე ფუტკარს 
რომ იცავს
  ამ  სადარაჯოს,
თუ არ გააბრაზებ, არაფერს გერჩისო,  
ვინ ჩამინერგა!

ველური ფუტკარი ზამთრის გასაძლებად აგროვებს სარჩოს,
ალბათ შინაურიც თავისთვის ირჯება,  
ველ-მინდვრად მფრენი, 
დიდია ზამთარი, რომ გადაგლესილი  ფიჭაში ჩარჩეს,
კაცისთვის შრომობსო,  რას აღარ ვუგონებთ ჩვენ - მეზღაპრენი.

ნესტარი თუ ვინმეს ჩაარჭო, თვითონაც მაშინვე  კვდება,
ზედვე დავიკალი, მე ვფიქრობ, კბენა ვერ მოასწრო თითქმის,
მოუწევს ფოთლებში  ჩახმობა,  ხავსიან მიწაზე გდება.
ბიბლიის ენაზე   მშრომელი ფუტკარი -  დებორად ითქმის.

დებორავ, პოეტო,  წინასწარმეტყველო, უშიშო ქალო,
ქანაანს  ბარაკი -  შემკრთალი კაცი  წაიყვანე ძალით, 
მტერიც დაამარცხე და ახლა უფლის სადიდებელს გალობ, 
ხმა მწვდება,  ვერ მხედავ? - აქა ვარ -  მერმისში,  მე - შენი ცალი.

შენა  ხარ ფერადი, მე - შენი ერთფერი ჩრდილი,
შენ  - ჩემო სიზმარო, რა ცხადად ამიხდი,    როს დაჯდა ბუქი!
შენს ნათელს მივეწვი,  უსულოდ ვაგდივარ  შენს ახლოს ჩრჩილი.
ვცოცხლდები, იმწამსვე,   როგორც კი გეცემა  ღვთიური შუქი!

.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი