ვარ აღმომჩენი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 ვარ აღმომჩენი

ბევრმა  მოგაპყრო თვალ-ყური. ნათქვამიც გაიგონეს, 
მაგრამ  გაგება  - სხვაა და ითხოვს შინაგან ღონეს. 

ვარ აღმომჩენი მრავალგზის მე -  შენი ანარეკლის.
გერგო გვირგვინი ძვირფასი, სამეფო, მაგრამ ეკლის!

ყველაზე მაღლა იყავი, ამოგცქეროდა ერი.
მაგრამ ჯვარს იყავ გაკრული - 
მიწაზე - ცისმიერი..

როცა  უარგყო პეტრემაც,  წინ კი  გზა გედო შორი, 
მარტო არ იყავ,   ჯვართ აცვეს იქ  ავაზაკიც -  ორი.

ჩვენ - სული შენკენ მოგვდენის, ჩვენ - დავეჩვიეთ ლოდინს.  
 მოვალო კი დაიბარე, 
მაგრამ არ გითქვამს, როდის.

იმედით გელით ამდენ ხანს, ჟამ-კარი გვიმუქდება.
რაწამს  საწადელს ეწევი, იმწამს იმედიც კვდება.

ნუ მოხვალ, ასე სჯობია, შორიდან სანთლად  გვენთო,
რად გინდა, ჩვენში  ჩამოდნე, ბოლომდე დაიღვენთო,
ნურც იტყვი, “ვერ იქმთ საქმეთა, უფლისა შესაფერთო.”
ცოტა  აქ ყოფნაც გვაცადე, ჩვენ თვითონ მოვალთ, ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი