მაბოდებს რომი


ნინო დარბაისელი

მაბოდებს რომი

ქვაფენილები - ვიწროზე  ვიწრო…
სიცხიანი ვარ,  შემხვდა ვირუსი.
ახლა საბანი მსურს  გადავიძრო, 
რად ვნახე, თითქოს ვიყავი რუსი?
ვიცი მიზეზი სიზმრის ამგვარის - 
რომში ჭარბია ხმები -  რუსული
ან  ბევრი არის - რუსის ნამგვანი.
მესიზმრა ველი გადატრუსული,
ვიდექი,  ვჭვრეტდი - მოზაიკიდან
 ავად უყეფდა ვის არ ქოფაკი.
გველოდა  წმინდა ჩვენ  პატრიკი და                                           
პადრეს - წყლიანი - შინ -  სარკოფაგი.
 ბევრიც იომო, ბევრიც ილომო, 
კიდეც  იმარჯვო, ესეც დავუშვათ.
ბავშვად შეჰფერი ელადას,  რომო
 და მეც  მიყვარხარ  - ჭირვეულ ბავშვად.
ბავშვო, ყველა გზა შენკენ რად მოდის?
მხოლოდ წარსული?  აწმყოც გაქვს დიდი.
დახვეწილს გცნობენ  შენ ლამპრად მოდის
მე ამ ქუჩებში მარად ვივლიდი. 
რა სიცივეა, თოვა-სუსხვაა. 
ლანდი   შემკრთალი დგახარ,  მონიკა:
ამღამის რომი მაინც  სულ სხვაა, 
შორს - გარმონია და ჰარმონიკა!

- - - 
* ქოფაკი  მოზაიკაზე,  რამდენიმეგანაა რომში. ფოტოზე    თეთრი მოზაიკა პოეტი ტრაგიკოსის საცხოვრისიდან   - ,,კავეი კანემ” - (უფრთხილდი ძაღლს) - პომპეიდან. 
** წმინდა პატრიკის  კათოლიკური სამლოცველო  - ამერიკის საელჩოსთან ახლო.
*** ანტიკურ სარკოფაგებს, ანუ  ჩასასვენებლებს- უკვე  გვიან წარჩინებული სასულიერო პირები აბაზანებად იყენებდნენ.
**** ტრევის შადრევანსა და ესპანურ კიბეებს შუა,   “ვია დეი კონდოტის”  მოედანზე თავმოყრილია    მსოფლიო მოდის უცნობილესი  ბრენდების  სალონები და საცხოვრებლები.
****  იგულისხმება  იტალიელი   მოდელი და მსახიობი, ჩვენში დიდად პოპულარული  მონიკა ბელუჩი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი