დაფრინავდა ქალი
#ლექსები ნინო დარბაისელი დაფრინავდა ქალი მას მოება ფრთები, იგრძნო სიმსუბუქეც, უკვირდათ და შეკრთნენ, თუმცა ფრენა უქეს და უკვირდა, სხვები ვერ ფრენენო ასე? ხომ ელისო ყველას ცა - ჰაერით სავსე! მთავარია, მიწას დროზე დაჰკრა ფეხი და ახვიდე მაღლა, რაა დასაკვეხი! წელიწადში ერთხელ დღეა უცნაური, ცა იღება, მოდის გუნდრუკი და მური. პეტრე-პავლობაო?! - ივლისია მგონი, მაქვს ამბავი ესე, სიყრმით განაგონი. მონატრებულ სულებს შეხვდები და ხარობ (რა სჯობს, გაიხარო თუ სულ ხარო თხარო?) არ გრძელდება დიდხანს სასწაული ესე, თუკი დაგვიანდი, სიმწრით დაიკვნესებ. ჰოდა, ადი დროზე, აასწარი ყველას, (წევხარ სიცხიანი, ვერ იკავებ ხველას!) მაღლა, უფრო მაღლა! ისიც ხომ იქ არი! მიწას ჰქონდეს გვამი - სულის ნაქერქალი, შორს - მწუხარე ფიქრი - ავი ჯადოქარი! ვის აშინებს ახლა იმის ნაბრექალი. ქარსაც გაჰყვეს ავი, სიტყვა მინაქარი! მოტიხრული ნაზად, როგორც მინანქარი, ბუმბულივით მჩატე, თეთრი ვით ფიქალი, წუხელ სიზმრად ისევ დაფრინავდა ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი