კორინა-ნანა


აქაოდა, ადვილად მერითმინება და ბევრი მუშაობა არ უნდა-მეთქი, გადავყევით  ბოლო დროს ამ კონვენციას. 
 არადა, ჩვენც ხომ გვინდა  რაიმე, ნარატიული პოემი!

ნინო დარბაისელი

კორინა-ნანა

 1. 

წელს ათენში რომ  ვიხეტიალე,
ბოლო წუთამდე  როგორ მეგონა,
შეგეყრებოდი,
კორინა-ნანა!

რამდენი იყო გაჩხინკული, 
შუაზე სადად გადაყოფილ ყორნისთმიანი, მაყვლისფერი დიდი თვალებით,
მომაღლო ცხვირით,
შაქრისფერი პირისახით, 
ზედ - ერთი ხალით…
ყველა ფრესკოზეც მეორდებოდი, მოზაიკაზეც 
და მარმარილოს ქანდაკებების  მიმოფანტულ ნამტვრევებშიც მეგულებოდი…

საქართველოში -  ჩანდი  უცხო, გამორჩეული.
სხვებზე ლამაზი?!
აბა, ეგ როგორ წამოგკიდო,
 ისედაც სულ რომ იტკიებდი,
იმ ხერხემალზე.

გახსოვს?! - თეთრი და შავი არაგვი?
 გახსოვს?! -   მთვრალებს რომ არ ჩავუსხედით,
 სხვაც ვერაფერი გავაჩერეთ
ნაქეიფრებმა
და მთელი ღამე  მცხეთიდან რომ დიდ დიღმამდე ფეხით ვიარეთ
 და  გზად ლექსები არ დაგვლევია.
მე - ეს- რამდენი გცოდნია-მეთქი, 
შენ - ძალიანაც ნუ  გაკვირდები! გონებისათვის  დაზეპირება, თან კლასიკისა -  კარგიაო.

შენს ნათქვამებში ასო-ბგერა “კანი” მიყვარდა, 
როგორ ამბობდი?! -
“ჩავჭერ, ჩავაკარაბაკეო”.
ეგ “კანი” იყო,  
შენს ხსენებაზე მეტალის მძიმე  ბურთულაკივით   
მრგვლად რომ მესმოდა, 
ერთდროულად ქართული და არაქართული 
 და ჩავლილ დროთა გახსენებაზე ამწუთას ყელში  რომ მეჭედება,
ნეტა იგივე ბურთია
თუ   ეს სხვა ბურთია!

ვიცოდით მხოლოდ ახლობლებმა,
ბერძენი იყავ, 
საბერძნეთში დაბრუნებაზე   მეოცნებარი
და დედისაგან  - გერქვა კორინა, 
საქართველოში,
საბუთებში გეწერა ნანა.
კორინა-ნანა!

როგორც თეთრი და შავი არაგვი,   
ვედინებოდით ამ ცხოვრების ერთ კალაპოტში   შეურეველნი. 

ფინჯან ყავაზე  და იმაზე … 
უსახელოზე, 
ოცი წელია,  დასანახადაც რომ შევიძულე, 
შენი  პატარა სამზარეულოს მონჯღრეულ ტახტში ჩანარცხება  და საუბარი მიყვარდა შენთან.
მეტყოდი ხოლმე ირონიული მოფერებით:
     - ჰა, ანგელოზო,  მოხვედი და დაკეცე ფრთები?!

     2.

დრო იყო, როცა ჭკუისსაკითხავ  ქალად გიცნობდნენ  შენ - სახელგანთქმულ სამართალმცოდნეს.
ესენი დამრჩა:

  ა) ამქვეყნად ყველა დამნაშავე  - მსხვერპლი არისო.

  ბ) თუ მოინდომებ, 
ყოველთვის ნახავ რაიმე  წერტილს,  წყალგაუვალი კრიმინალის  ქმედებას რომ გაამართლებსო.

  გ) მოძალადეთა   ცხოვრებიდან  ადრეული ამბები  რომ მოგასმენინა,  
თავად ბავშვური უმწეობისას ძალადობას რომ ვერ ერეოდნენ, 
ატირდებიო.

  დ) არ შეუძლია დამნაშავეს, 
თავის თავთანაც ტყუოდესო.    
მაინც ეცდება, იპოვოს  რამე დასაყრდენი
თავისი ქცევის გასამართლებლად.

 ე) ქენჯნა?!  ა, ქენჯნა?! -  აბა, მსხვერპლი და მისიანი  რისთვის არისო.

 ვ) როცა ჯგუფურად რამეს სჩადიან,   
 ერთი მიზნითაც  შეიკვრებიან, 
როლებსაც  ისე ინაწილებენ
და  შედეგამდეც ისე მიდიან,
საქმეს ვერავინ ვერ გახსნიდა, 
ბოლოს ნადავლის  გაყოფაზე
 შიგნით კონფლიქტი თვითონვე რომ არ მოსდიოდეთო.

 ზ) ადამიანის  მთავარი მტერი  თავისივე ენა არისო.
მოწმე თუ არ ჰყავს და  არც არავის დაუნახავსო, 
სულ არავისთვის რომ არ ეთქვა, რაც ჩაიდინა,  
სამუდამოდ შერჩებოდაო.

 თ) არ შეუძლია ადამიანს, 
თავი თვითონვე არ გათქვასო.

  ი) რა დონეზედაც  ქვეყანაში კრიმინალია, მეცნიერებაც მის შესახებ - იმ დონემდე ვითარდებაო. 
 ქართულ კრიმინალს, პრიმიტიულს,  ბრიტანული და ამერიკული მეთოდები  რომ მიუსადაგო, გაიჭედები. 
ქართული საქმე -  ისევ ქართულით იხსნებაო.

 კ) პრაქტიკა არის ყველაფერიო.
თვით  სხვებზე კარგმა სამართალმცოდნემ კანონები - ზოგადად იცის, 
მხოლოდ ის იცის ზედმიწევნით, 
რაც პრაქტიკაში ოდესმე მაინც შეხვედრიაო.

პაუზის მერე მკითხავდი  ხოლმე რაღაცნაირი მორიდებით:

-სიზმრად თავს ბავშვად რატომ ვხედავ, 
 მიტოვებულად?
რისი ბრალია,
შუაღამისას ატირებული რატომ ვიღვიძებ; რაც კი შემეძლო, 
დედაჩემისთვის  ხომ არაფერი დამიკლია,
იმქვეყნიდანაც თავს არ მანებებს,
ღამეს არ ტოვებს,
რა მიშველის,  ხომ არ იციო?

როგორც თეთრი და შავი არაგვი!

3. 

ახალი საქმე რომ გეძლეოდა და უზარმაზარ საქაღალდეებს გადახედავდი,  
იტყოდი ხოლმე:

 - მე მხოლოდ მარტივ კითხვებს ვჯერდები:
 მაინც რა მოხდა, 
 როდის, 
როგორ, 
ვის მიერ,
რატომ
 და რა შედეგით დასრულდაო,
სხვა დანარჩენი -  ლაი-ლაია, ბელეტრისტიკა
და ლირიკა - 
- შენი საქმეო!

კორინა-ნანა,
მიდის ცხოვრება  და გვეკარგება მეგობრები თანდათანობით.
 არა იმიტომ, 
 რომ ერთმანეთს რამეს ვუშავებთ, 
ვღალატობთ,
 ვყიდით
ან თვითონ  გვყიდის,
ან ვყვებით ჭორებს,
იმათ ტალახს ვერმოსაშორებს, 
არა, უბრალოდ, ცხოვრება მიდის, 
დრო და მანძილი გვაშორიშორებს.

როგორც თეთრი და შავი არაგვი, 
კორინა-ნანა!

წელს  მარმარილოს ათენში რომ ვეხეტებოდი, 
სულ შენი ,,კანი” ჩამესმოდა ადგილობრივთა ლაპარაკებში, 
რამდენი ვნახე იქ კორინა - ვინმე ქალწული მაყვლისფერი დიდი თვალებით,
შაქრისფერი პირისახით, 
ზედ ერთი ხალით;  წვრილ მაჯებზე - სამაჯურებით,
კისერზე - უცხოდ მოჟღრიალე გულსაკიდებით…
ო, ქართულო გულუბრყვილობავ!

 შემოვიარე მთები და ყანა, 
მთელი ქვეყანა, 
 ვიყავი მარტო,
დიდ ბაზრობებზე ირგვლივ ბრბოსაც რომ ეყაყანა, 
რამდენი სახის დანახვაც ვცადე, 
იმდენჯერ შევცდი,
ამასობაში გავიდა ხანა, 
 და დამენანა…
 მინდოდა მეთქვა - 
“ძნელბედობისას ჩემთვის ციური იყავ მანანა”
ნანა,  ო,  ნანა,
ნანა-კორინა,
კორინა-ნანა!
_ _ 

*  კორინა - ქალწული ან გოგონა - ბერძნულში იმთავითვე დიდად გავრცელებული სახელია. 
ფოტოზე - კორინა - ბეოტიელი პოეტი ქალი, პინდარეზე უწინარესად რომ მიიჩნევდნენ ანტიკურ ეპოქაში და ,, მეცხრე მუზად”- ლირიკული პოეზიის მუზად მოიხსენიებდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ამ ნარატიული ლექსის პროტოტიპი - პროკურორი ნანა ქურდაძე, თემურ ქორიძემ გამაცნო 90-ანების დასაწყისში.
ნანა ერთადერთი მეგობარი-იურისტი, უპატიოსნესი ადამიანი იყო, რომელსაც იგი მაშინ ენდობოდა.
თემურის შემოყვანა ლექსის პერსონაჟად - მეტისმეტად გაართულებდა მის სტრუქტურას. მიძღვნაშიც - მისი ხსენება - დამაბნეველი იქნებოდა.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი