სამი ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილზე
#ლექსები
დღეს ოთხი დეკემბერია.- ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე ანუ პოეზიის დღე.
სამი ლექსი მქონია ნიკოლოზ ბარათაშვილზე
ნინო დარბაისელი
კატინა
(ზოგჯერ ცალმხრივობა - სიყვარულის გადარჩენაცაა. რა მოხდებოდა, ტატოს ეკატერინე ანუ კატინა ცოლად რომ გაჰყოლოდა?)
მევალეები მოგვდგომიან ისევ, კატინა!
მოახლეს უხმე,
გააფრთხილე,
უთხრას,
ბატონი შინ არ ბრძანდება და არც ის ვიცით, დაბრუნებას როდის ინებებს,
ჩვენ - არაფერი დაგვიბარაო.
კატინა, მზითვის ოქრო-ვერცხლი - მზითვისა არის,
ხელის ხლება არ შეიძლება.
მე კი მამისგან ამოტოლა ვალები დამრჩა,
რით გავისტუმრო,
ეს სიამაყე რომ დამეძლია
და შენს გენერალ მამას მართლა დავთანხმებოდი,
თავაზიანად კარიერული კიბისაკენ რომ მიმიძღოდა,
ზედსიძეობის დამამცირებელ ზედწოდებას რომ მოვრეოდი…
მაგრამ კატინა, არის რაღაც,
რაც უარაფრო, მაგრამ ამაყ კაცს არ შეუძლია.
და ურჩევნია,
გააუკვდავოს ჰანგი ერთი,
პიანინოზედ აჟღერებული,
ანდაც საყურე,
ბიბილოსთან რომ ირხეოდა,
როგორც პეპელა.
კატინა, არის ოცნებები და იმედები,
ხელი კიდევაც რომ გიწვდებოდეს,
ასრულებით არ უნდა მოსპო!
გესმის, კატინა,
დაე, ჩვენ შორის პოეზია იყოს საზღვარი,
გამტარი ღარიც,
ზიარჭურჭელიც,
ჩემს ლექსში დარჩე შენ დაუფრჭვნელი,
მარად უცვლელი,
დაუცლელი,
კვლავ ხმანარნარი,
დაუმჭნარი,
უსაბაბო და უღაბაბო,
გესმის, კატინა!
მე პოეზიამ წამიერი შენი ხატება
სამარადისოდ დამახატინა.
ლექსები
ნინო დარბაისელი
დუელი
მიეცით პოეტს ნება, დარჩეს ადამიანად,
ნუ არგებთ სქემებს, რაკი შექმნა შედევრი იგი.
ცხოვრება - სხვათა წესით - მისთვის სანდომია რად?
რატომ დაიცვას სასურველი სხვისთვის წესრიგი,
მაგრამ რა გზაა, თუ კანონობს ქვეყნად - კანონი!
არ დაელევა კანონს კაცთა საკანკალონი.
როგორ გამოდის, გსურდეს ბედი ხელთ აიტატო,
თან ყოფას ერგო, კნეინებმა თქვან, “აი, ტატო!”
ანუ პოეტი შავი ბედის გამო რომ ჩივი
საზღვრისკენ მქროლი, თან მორჩილი იყო მორჩივით.
ამბობენ, თურმე ჩვენს ნიკოლოზს უყვარდა ჯახი,
და არა მხოლოდ სასეირნო იგი ყაბახი.
დისკომიბნედილ მთვარეს როდი ასცქერდა მარად,
ცხოვრება სურდა მას გრძნობათა გზაშესაყარად,
წვერს ეწვდებოდა, არ სურდა ხილი მას ძირნაყარად.
ამასობაში ბედისწერა გაუხდა ყარად.
თავადი იყო, არა ვინმე ქოხელ-ღრუელი,
მწარედ მოხუმრე, ბასრი, ნაღდი პანტაგრუელი,
ასეთისაგან - გამოსაცნობ ქცევას - ნუ ელი!
მერანს უწერდა?! ჯერ მოუწყო ბიძას დუელი.
პოეტის ტანჯვა თუ ზოგისათვის - მხოლოდ ჰობია,
მას - ყოფა თვისი, გაუვალი, თავს დამხობია.
როსტომისავით ჩვენში პოეტს ვინ
მიმხრობია,
ეს ყველაფერი სულ იმისი მონათხრობია…
ილიკოს როცა საბოლოოდ აჭამა შიში,
შედგა დუელი, დამიზნებით თოფიც გავარდა,
ტატო “ნასროლზე” ძირს დავარდა, რაწამს მივარდა
რა ვქენიო, როგორ მიყვარდა
ან ძე დისწული ვინ მივისო მე, ტატოს გარდა!
შეირხა ტატო, მოთამაშის გაცოცხლდა ჯიში,
(ასეთი იყო, ცელქობაშიც არავის ჰგავდა):
“-არ შემიჭამოთ, აქ, ჯიბეში მიდევს ქიშმიში” -
ეს ხომ ნამდვილად შამათია, აბა, რის ქიში!
საკმარისია,
მორჩა სცენა,
დაუშვით ფარდა!
ლექსები
ნინო დარბაისელი
ილიკო - გრიგოლ ორბელიანისადმი
(გრიგოლი იმ მომენტში ლოგინად იყო, მძიმედ, ტატოს - ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის ამბავი რომ გავრცელდა თბილისში და უმალავდნენ.
რაღაცას ხვდებოდა, იხვეწებოდა წერილებში, გამაგებინეთ, ჩვენს თავს რა ხდება, ტატოზე მომწერეთ რამეო.
ამიტომ წვალობს მისი ძმა, ილიკო, როგორ უთხრას)
“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”
ვერ გაგიმხილეთ, (რატომ?)
აწ უთქმელობა მტანჯავს.
ეული იყო, მარტო,
არ გაურბოდა გარჯას,
“ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას”.
გარდაიცვალა განჯას
ჩვენი სიცოცხლე ტატო.
ბრძოლაში დაიხარჯა
უჩინო, უმანდატო...
გარდაიცვალა განჯას
ტატო, სიცოცხლე ჩვენი.
ო, რარიგ გაიტანჯა
ცხოვრების განაჩენით!
სიცოცხლე ჩვენი ტატო
გარდაიცვალა განჯას!
ღმერთო, ჯვარო თუ ხატო,
რა ფუჭად გაისარჯა!
ტატო, სიცოცხლე ჩვენი,
გარდაიცვალა განჯას.
მძიმე გვირგვინი შვენის,
ვინღა დაუწყებს განსჯას!
ჩვენი სიცოცხლე ტატო
გარდაიცვალა განჯას...
- - -
ჩვენ არა გვაქვს ბარათაშვილის სურათი. გვაქვს მისი ჩონჩხის ფოტო…
Temo Tchakhnakia
მადლობა თემო ჭახნაკიას ამ ფოტოსთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი