ვიოლინოს ხმა - გუშინდელი მერმისიდან გამოყოლილი
#ლექსები ნინო დარბაისელი ვიოლინოს ხმა - გუშინდელი მერმისიდან გამოყოლილი როცა დამთავრდა მსოფლიო ომი და გერმანელი ფაშისტები როცა გარბოდნენ, მაშინ ბანაკთა კარებები ფართოდ გაიღო და ჯერაც ცოცხალ ებრაელ ტყვეებს ასე უთხრეს, დროზე წადითო. გაზის ჩამქრალი, გაციებული კამერებიდან ცისკენ ნავალი და მერე ირგვლივ ყველაფერზე დამჯდარი ფერფლი იწვა მძიმედ და გაუნძრევლად, როგორც ქალები, იმ დღეებში იძულებით ნააბორტალი, იმ ჯოჯოხეთში სექსისთვის მაინც რომ ეპოვათ გასაძრომები. იდგნენ ტყვეები, ვისაც დგომა კიდევ შეეძლო, ანდა ეყარნენ გაუნძრევლად და არსადაც არ მიდიოდნენ, ვერ მიდიოდნენ, არ იცოდნენ, რაღად უნდოდათ ეს ამოდენა თავისუფლება. და საიდანღაც სიოს მოჰქონდა ხმა - სიმგამწყდარი, ხემგაცვეთილი ვიოლინოსი. და ეს ხმა ჟღერდა მშობლიურად და ამავე დროს - ირონიულად. ადამიანთა ფერფლით სავსე ვიოლინოებს მერე იქ ერთი ებრაელი უიაფესად შეიძენდა და იქიდან - მომავალში, ანუ ახლახანს, არ დარჩებოდა მსოფლიოში სახელგანთქმული, დიდი ორკესტრი, ებრაელ ერს რომ არ მიუძღვნიდა იმ აღდგენილ ინსტრუმენტებზე შესრულებულ რაიმე კონცერტს. ჯერ კი, ისინი ჯერ ისევ დგანან ანდა ყრიან ღია კართან, ცოცხალ ჩონჩხებად, უკბილოები, გახევებულნი უცებ გადაჭრილ მავთულხლართებთან და არ იციან, რაღად უნდათ ეს ამოდენა თავისუფლება. და არ ჰგავს ნეტა განცდა ესე - უფლის წყალობით, მოძალადისგან თავდაღწეული, გაოგნებული როცა დგას ქალი და აღარ იცის, ამის მერე როგორ იყოს, როგორ იცხოვროს, უნდა თუ არა, ანდა რა უყოს ამოდენა თავისუფლებას. ანდა ციხიდან მოულოდნელად გამოგდებული პატიმარი სახეყვითელი, გარეთ რომ უკვე აღარავინ არ ელოდება, თავისუფლების ჰაერს ერთი ღრმა ჩასუნთქვით რომ გემოს უსინჯავს და მერე იქვე ჩაიცუცქება. უკან - ჩაკეტეს რკინის კარი, წინ?! - გზა ხსნილია, მაგრამ რად გინდა, სად წავიდეს, სად მოელიან; რა ურჩევნია, ის, რაიც შიგნით უშეცდომოდ შემოესწავლა, თუ გარეთ ყოფნა, რისიც უკვე აღარაფერი არ გაეგება, სადმე შუაში? სად შუაში, ვინ გააჩერებს! გავიდა წლები და ცხოვრებაში რახანია, ამოვსებულა ადგილი მისი, რა უნდა უყოს ამოდენა თავისუფლებას! მასშტაბებია აქ სხვადასხვა: ადამიანთან თუ რამ ხდება - ტრაგედიაა, თავისუფლებამ - ხვალინდელობის მთელი სიმღვრიე რომ გადაასხა, აი, ხალხზე კი - რაოდენობით ლაპარაკობენ, სულ ციფრებია, ცინიკურად დამრგვალებული. ხალხიდან - ბრბომდე - უფსკრულია- წამიერად უზარმაზარი. ხოლო ამ უფსკრულს სულ მოლისფერი, დასაბიჯებლად ყოველ ჯერზე მიმტყუებელი ნოხი იფარავს. საკმარისია, ხალხს ან ბრბოს უცებ გამოგლიჯო სულ ერთი პირი, გააცალკეო, რომ ხელში შეგრჩეს ადამიანი. ადამიანად ყოფნა კი ნიშნავს სიმარტოვეს და დარჩენას ღვთისანაბარად. ამდენი ხალხი, გადარჩენილი სად გსურს წაასხა? აღარ დამთავრდა ეს სასჯელი და უფლის რისხვა! ვზივარ კონცერტზე, ვუსმენ “იმედის ვიოლინოებს” და მელანდები უფლისმიერო შენ, ისრაელო, ღვთის რჩეულობით ბედნიერად ტანჯულო ერო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი