ღამის ნატეხი


ღამის ნატეხი
   (სალომეა ლომინაძეს)

არც ღამით მითქვამს არაფერი,
დიახ,  დავტოვე დილას უთქმელად
და კარიც თვითონ გამოვიხურე.
მივხვდი, როდესაც მამაკაცი ხელს მოგიღერებს,
თუ აუცდება
და სხვა საგანი შემოემტვრევა, 
 გეტყვის,  უყურე, 
შენი გულისთვის რა  სიძვირფასე დავამსხვრიეო;
გამწარებულზე,  
შეიძლება, კვლავ მოგიქნიოს და  ახალ ჯერზე აღარც მიზანს არ ააცილოს!

ეს - ის ბავშვია,
პატარა, ახლადფეხადგმული,
მაგიდის კუთხეს თავს რომ ურტყამდა 
და უფროსები 
ვითომ-ვითომ იმ  მაგიდას 
უტყაპუნებდნენ  
და ამტყუნებდნენ
მოტირალის დასაწყნარებლად.

ასეთებისთვის ამ სამყაროში ყველაფერი,
თვით საკუთარი ნამოქმედარიც - 
არა თავისი, 
სხვისი ბრალია!

და გველეშაპთან  - სიბნელეში სულ მარტო დავრჩი
და გამახსენდა,  
საკუთარ თავთან თუ მოგეწყინა,
მაშინ ცუდ წრეში ხარ ჩავარდნილი,
მაგრამ  ცუდ იმედს   ისევ ცუდი თავი გერჩიოს!

გაასწარი, გესმის, პატარავ,
იწვალებ, მაგრამ საბოლოოდ შენს გზას  მონახავ!
გაივლის ხანი და  საბოლოოდ  გამოჩნდება, მართლა ვინა ხარ!

ლარნაკის ნატეხს  - თან დავატარებ,
ვიცი, არასდროს დამეკარგება - 
- გულში ვინახავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი