ყვავილებისა. წიწამურული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ყვავილებისა. წიწამურული

შეგიმჩნევია, შებინდებისას
 მინდვრის ფერადი  ყვავილები რომ იძინებენ?
ნელ-ნელა როგორ   ეკუმშებათ თავ-გვირგვინები, 
ფოთლებიც როგორ იკეცებიან
და ბალახებიც  - 
მიაყურადე, თავჩახრილები როგორ ფშვინავენ, 
განთიადისთვის, 
მზის ამოსვლისთვის, 
წამოკრეფილი ნისლისთვის და დილის ნამისთვის ემზადებიან.

არ მოვა, არა!
 იმისმა ფარამ ადრიდანვე   ძოვა-ძოვით გადაიარა
და წყაროსთან კიდეც დარწყულდა.

შენ უნდა იდგე   მარტოდმარტო მინდორში,  ასე, 
 დუმილით სავსე,
უნდა ასწავლო საკუთარ სმენას იმ ზედმეტი ხმების ჩახშობა, 
იმედიანად ჩაძინებული მცენარეების მფშვინვარე ხმებს სულ  რომ ფარავენ.

კი ცდილობ, 
მაგრამ სულ სალესის ხმა  გეყურება.
ვინ დაამთავრა ცელის დაპირვა, 
ახლა  ვინ წავა და დაიძინებს.
რომ განთიადზე
ადრიანად გამოსასვლელად უკვე მზად იყოს?
გამოღვიძებას  ვინ არ დააცლის მოწეულ სათიბს, 
 იმათ პირველ შეშმუშვნამდე აქ   ვინ გამოვა, 
მარჯვე მოსმით ცელს გაახელებს,
ვინ დატოვებდა მოუცელავად უკვე ამხელებს!

ბალახები ვართ,
ვინ რა ვიცით, რა გათენდება,  
 რის მოხარულნი უნდა ვიყოთ,
რისი - მგლოვარი
გახედე მინდვრებს!
რა მერმისი, რა უხსოვარი!
დრო მოვა, 
ცეცხლსაც მოუკიდებს  მათ მაცხოვარი,
ცეცხლით მთავრდება ან იბადება, 
ოდესმე რამე  თუ გადარჩა  მოუცელავ- მოუძოვარი.

არა ხმა ნაზი ანდა რამ ნელი,
გრუხუნის ხმაა, 
ხმა გრუხუნისა -
 მოულოდნელ-მოსალოდნელი,
 რომ დაატყდება სმენას ჩვენსას  ასე ავად,   დაუკითხავად. 

ბოლავს  ველები,   
ნათესები,
მინდვრები  ბოლავს
რისგან რა რჩება, რა ნამწვავი,
ნაცარი,  მური,
ვინ რა გაიგოს, 
რაა - მარადი ან რა - წამური,
ან მოწამური,
რა - წიწამური
ან რად იქცევა კაცის ხელში - ღვთით მოცემული, 
რად გვაბნელდება
ნაწამები ცა  - მეწამული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი