მე- ტურისტი- სამშობლოში
#ლექსები ნინო დარბაისელი მე - ტურისტი - სამშობლოში. 2022 (ფაილებიდან) ჩემი ქვეყნის ტურისტი ვარ, ადრე ვიყავ შვილი მისი. არჩევანი არის ჩემი, არა - ბრალი არავისი. არ არსებობს უკვე ვხედავ, რომ მახსოვდა, ის თბილისი, ახალ სახლებს დაუპყრიათ ვერა, ვაკე, უკვე ლისი, უკვე გაუსაძლისია, რაც კი იყო გასაძლისი. ვისაც სახლის ჩადგმა სურდა, ააფეთქა მან ქანები, თუ ხალხს უჭირს, როგორ დადის ეს ამდენი მანქანები! იმდენია სახლი სადღაც ჩადგმული და ნაშენები, საწყლად - სადღაც გამოჩრილა თბილისურის - ნარჩენები. ვინ მოჰკითხოს, ვის მოჰკითხოს, ვის უგზავნოს შეჩვენება! დანგრეულს და გაუქმებულს არაფერი ეშველება. ეკლესია, ეკლესია - ახალია თუ ძველია, თუ ამდენი მლოცველია, ლოცვა - ყოვლისმომცველია, თუკი მადლის პური აცხო და ამდენმა ზეთიც იცხო, ავს ვინ სჩადის? მხოლოდ უცხო, მხოლოდ უცხოს უნდა მისცხო? ფიქრობ, თავად გასაკიცხო: - გრილში უცხომ, სხვამ ისვენოს, შენ კი მზეში - დავისიცხო? მათხოვარი, უსახლკარო, სადაც ვხედავ, ყველგან ყრია. ქუჩაში რომ იძინებენ, არც სხვა ქვეყნებს არ აკლია. ეშველება ყველაფერსო, რომ გვექნება ანაკლია! მე - მცნობელი კარგის, ავის, ვეღარა ვცნობ ვეღარავის. ჩაშავებულ რუსთაველზე - ნაჯღაპნები - გრაფიტია? ირგვლივ ვინც კი დავინახე - სახეგამონაფიტია. “დაიკარგა ყველაფერი” - ბოდიშობდა ჩვენი გიდი: ამდენი ხნის განარიდი ვიდექი და ცრემლსა ვღვრიდი: არც მოკითხვა ნაცნობური, არც სალამი, აღარც რიდი, აღარც ქუჩა, აღარც სახლი, აღარც აბრა, აღარც ხიდი… გაყიდულა საქართველო, რაღა დარჩა გასაყიდი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი